ოპოზიციის ალიანსი „ეროვნული მობილიზაციის“ კამპანიას იწყებს - დიდი აქცია 26 მაისს დაიგეგმა

ცხრა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ალიანსი ორთვიან მასშტაბურ კამპანიას, „ეროვნულ მობილიზაციას“ იწყებს. პროცესი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი აქციით დასრულდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ახალი ინიციატივა სიმბოლურ თარიღს - 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს დაანონსდა.

ბრიფინგზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კამპანია ვიწროპარტიულ ინტერესებს სცდება: „ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა, მაგრამ ახლავე გვინდა ვთქვათ, ეს არ არის არც ამ 9 პარტიის და არც რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფის კამპანია. ეს არის საქმე, რომელიც ყველას გასაკეთებელია“.

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა კი ყურადღება საფრთხეებზე გაამახვილა: „საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას საფრთხეში იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი უთხრის ძირს. ჩვენ გვჭირდება კამპანია დამოუკიდებლობის გადასარჩენად... ეროვნული მობილიზაციის კამპანია დავიწყეთ იმისთვის, რომ ყველა ქართველი მშვიდობიან წინააღმდეგობაში ჩაერთოს და რეჟიმი დასრულდეს“.

ალიანსის წევრებმა ჩამოაყალიბეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ხუთ ძირითად პუნქტს მოიცავს:

  • მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრები და ხმის მიწვდენა ყველგან, სადაც ისინი არიან.
  • რეჟიმის მთავარი იარაღების - ტყუილისა და შიშის დაძლევა.
  • საზოგადოებაში არსებული ბრაზისა და ცვლილების სურვილის რეალურ პოლიტიკურ ქმედებად ქცევა.
  • შიშის დაძლევა და იმ გარემოს შეცვლა, რომელიც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ინერგებოდა.
  • პროტესტში მეტი ადამიანის მობილიზება, რადგან „ცვლილება ხდება მაშინ, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად“.

ოპოზიციური გაერთიანება მარტის დასაწყისში ჩამოყალიბდა და ამ დროისთვის მასში ცხრა პოლიტიკური სუბიექტია გაწევრიანებული: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“.

ალიანსის წევრები კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ სხვა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებსაც. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გაერთიანებას არ უერთდებიან „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“.

„ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.