„უზარმაზარი პრობლემებია ძეგლის მხატვრობასთან მიმართებაში. ყველა საეტაპო ძეგლზე, როგორიც არის ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები ცვივა“, - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, თეა ონიანმა „ქართული ოცნების“ პარლამენტში, კულტურის კომიტეტის სხდომაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
ონიანის თქმით, ფრესკების დაზიანება გამოწვეულია ან სახურავიდან წყლის ჩასვლით ან ტაძრების მიწიდან დანესტიანებით.
„პირველ რიგში უნდა აღმოვფხვრათ ის პრობლემები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს და შემდეგ დავიწყოთ ფრესკების გადარჩენითი საკონსერვაციო სამუშაოები. თუმცა, აქაც ვაწყდებით უზარმაზარ პრობლემას, რადგან ფრესკები საჭიროებს მულტიდისციპლინურ კვლევებს.
გელათის მაგალითმა ნათლად გვაჩვენა, რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული და რა პროფესიის სპეციალისტები, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი რა სჭირს კედლის მხატვრობას. საჭიროა ბიოლოგები, მიკრობიოლოგები, კლიმატოლოგები, მინერალოგები, რომლებიც სწავლობენ ფრესკების ბიოლოგიური დაზიანების გამომწვევ მიზეზებს. ერთი მიზეზი შეიძლება იყოს კლიმატური პირობები, მეორე ბიოლოგია.
ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია ქვეყანაში, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას მოგვცემს. ანუ უნდა გავგზავნოთ სინჯები უცხოურ ლაბორატორიებში, მათ დასვან დიაგნოზი. მეორეა როგორ ვუმკურნალოთ შემდეგ.
ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო“, - განაცხადა თეა ონიანმა.
მან ძეგლების დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად წინა წლებში ხარვზით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარვეზით ჩატარებაც დაასახელა.
„მაგალითად, ბაგრატსა და ნიკორწმინდაში სახურავიდან წყალი ჟონავს და კედლები სველდება. სპილენძის ჩამონაჟონი ამწვანებს და შემდეგ აშავებს საპირე წყობის ქვებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება გადაჭრა. ნამდვილად არ ვუშინდებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს სიჩქარე არ უხდება. გელათისა და ბაგრატის მაგალითმა ამაში ნათლად დაგვარწმუნა“, - აღნიშნა ონიანმა.
მისი თქმით, დაგეგმილია სვეტიცხოვლის და ჯვრის მონასტრის რეაბილიტაცია. რაც შეეხება გელათს, თეა ონიანის განცხადებით, როდის დასრულდება ტაძრის რესტავრაციის სამუშაოები „ძალიან რთული სათქმელია“.
