მიხაილო პოდოლიაკმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის უკრაინის მოსაზღვრე კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში ესკალაციის შესახებ წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
„ნებისმიერი ესკალაციის, დაბომბვის, საომარი მოქმედებების, იძულებითი ევაკუაციის, ჩვეული ცხოვრების ფორმატების განადგურების მიზეზი, მათ შორის თავად რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ჩათვლით, მხოლოდ ერთია: რუსეთის უპირობო აგრესიის ფაქტი - მისი მცდელობა დაიპყროს უცხო ტერიტორიები და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა. ასევე ცნობილია „რუსეთის თვითგანადგურების“ კონცეფციის ავტორი: სუბიექტი პუტინი. ამიტომ დასკვნები სრულიად აშკარაა.
რუსეთს უცვლელად მიაჩნდა, რომ მასზე არ ვრცელდებოდა ამკრძალავი სამართლებრივი ნორმები და ამიტომ მას შეუძლია დაუსჯელად შეუტიოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებს და თვალთმაქცურად მოითხოვოს მისი ტერიტორიების ხელშეუხებლობა. მაგრამ ომი არის ომი, რომელსაც აქვს თავისი წესები და რომელშიც აგრესორი ყოველთვის იმკის იმას, რაც დათესა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მიხაილო პოდოლიაკი პირველია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ვინც კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ამასთან, მას განცხადებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა არ უხსენებია.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო რეგიონის, კურსკის ოლქის მიმართულებით შეტევა 6 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყეს. 7 აგვისტოს მათ სუმისა და კურსკის ოლქების საზღვარზე მდებარე „სუჯის“ გამშვები პუნქტი დაიკავეს და ტყვედ აიყვანეს რამდენიმე ათეული რუსი მესაზღვრე. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელების ხელში აღმოჩნდა გამშვები პუნქტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე სუჯის გაზის გამზომი სადგური - რუსეთის მთავარი გაზსადენის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომლითაც ევროპაში, უკრაინის ტერიტორიის გავლით, გაზის მიწოდება ხდება.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, 7 აგვისტოსთვის უკრანული მხარის ჯავშანტექნიკა საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო შესული. კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კურსკში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია“ უწოდა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვალერი გერასიმოვმა მას მოახსენა, რომ შეტევაზე გადასული უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთების რაოდენობა ათასამდე იყო, საიდანაც მინიმუმ 100 დაიღუპა. როგორც გერასიმოვმა თქვა, ტერიტორიის სიღრმეში მათი წინსვლა შეაჩერეს.
