ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის შეხვედრა გაიმართა. გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს მრავალმხრივი თანამშრომლობის გაფართოებაზე, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის მიმდინარე საკითხებზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის შორს მიმავალ შედეგებზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ფედერალურმა კანცლერმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები რეფორმების განსახორციელებლად.
პრესამსახურის ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისკენ გზას ევროკომისიის რეკომენდაციები აჩვენებენ. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უახლოესი კვირების განმავლობაში, დროულად და მაქსიმალური ძალისხმევით აუცილებელი ზომები მიიღოს.
რაც შეეხება უსაფრთხოების მდგომარეობას, ფედერალურმა კანცლერმა თქვა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ღია და შედეგზე ორიენტირებულ აზრთა გაცვლა-გამოცვლას და ახლო კონტაქტში დარჩებიან.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო.
„პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის“, - ნათქვამია ქართული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის შეხვედრა 2 ივნისს გერმანიის მთავრობამ დააანონსა. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია არ გამართულა.
