რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, უკანონო პატიმრობაში საქართველოს უკვე 8 მოქალაქე იმყოფება. მათგან ორი რუსმა სამხედროებმა 15 თებერვალს დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები „უკანონოდ გადავიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და დააზიანეს სახელმწიფოთაშორისი გამყოფი ხაზის დაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყენებული საინჟინრო ნაგებობები“.

ცხინვალის ციხეში რჩებიან დიმიტრი კორინთელი და გიორგი მელაძე, რომლებიც რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 24 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის ეკლესიიდან გაიტაცეს. ეკლესია საოკუპაციო ხაზს მიღმაა მოქცეული.

უკანონოდ არიან დაპატიმრებულები ლაშა ხეთერელი და გიორგი მოსიაშვილი. ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი მერვედ, 2023 წლის 5 ივლისს, ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს. მანამდე ხეთერელს ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში წელიწადზე მეტი აქვს გატარებული. მას ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. სოფელ პერევის მცხოვრები გიორგი მოსიაშვილი რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 31 ოქტომბერს სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

ოკუპანტებმა 2021 წლის დეკემბერში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ დააკავეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე. მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც ედავებიან. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მისმა ადგილობრივმა ადვოკატმა გაასაჩივრა და უკანონო სასჯელი 3.8 წლამდე შეუმცირდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).