ნიკა მელიას კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას. მას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის შეურაცხყოფას ედავებიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით, წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ამ საქმეზეც პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მელია უკვე დაპატიმრებულია.

მას „ქართული ოცნების“ პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც არ გადაიხადა. სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე 30 მაისს უნდა ემსჯელა.

მელია წინა დღეს დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით, თითქოს მან პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა. მომდევნო დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნიკა მელია ისაუბრა მისი დაკავების დეტალებზე:

საღამოს 9 საათზე, ორი მანქანით გადავაადგილდებოდით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი. სულ რაღაც ორი კილომეტრი იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება.

მოულოდნელად ე.წ. საპატრულომ გააჩერა ავტომობილი. პატრულის ფორმაში გამოწყობილმა ძალიან ნერვიულმა პირმა მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდა, გარდა მართვის მოწმობისა და ამ პროცესში მძღოლს ჯერ მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა გადაცემული, მის ე.წ. რაციაში კითხვა გაისმა, რაც გავიგეთ მეც და მძღოლმაც. როგორც ჩანს, მისმა ხელმძღვანელმა იკითხა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო რაც ხდებოდა.

11 ადამიანი იყო წინ მდგომ სამარშუტო ავტომობილში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს, რბილად რომ ვთქვათ - გადავთვალე, მძღოლის ჩათვლით იყვნენ 11, ვინც გამიტაცა. არანაირი ნიშანი, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, არ იყო არც მათ გამომეტყველებაში, არც მათი საუბრის მანერაში. როცა აკავებ ადამიანს, უნდა განუმარტო, სთხოვო გადმოვიდეს მანქანიდან. მოხდა გატაცება და ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენვა. ამის შემდეგ მობილური ტელეფონის ძალით წართმევა, მერე ერთ-ერთის დაუოკებელი სურვილი, რაღაცნაირად გაეხსნა კოდი ჩემს მობილურ ტელეფონზე და რამდენჯერმე მცდელობა ჰქონდა, სახეზე მოეშვირა ეს მობილური ტელეფონი, მაგრამ იმ სიბნელეში ეს ვერ მომხდარა. უნდა იცოდეთ, რომ ეს იყო საგანგებო სამარშუტო ფურგონი, სადაც არაფერი არ ჩანდა შიგნიდან გარეთ.

მე მქონდა ღამის 12 საათამდე გირაოს გადახდის ვადა - საღამოს 9 საათზე გაიტაცეს ის ადამიანი, ვინც ახლა გელაპარაკებათ. კითხვა არ გიჩნდებათ, რა მოხდა და უნდა დამისვათ კითხვა, რატომ და რისთვის არ ვიხდი მე იმ უსამართლო გირაოს და ის არ გაინტერესებთ, ვინ გამიტაცა“, - მიმართა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს და წყალი შეასხა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა აქვთ შეფარდებული კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერებს ზურაბ ჯაფარიძეს და ნიკა გვარამიას, ასევე, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.