პროევროპული აქციების მონაწილეს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნიკა კაციას თმის ღერზე ჩატარებული ექსპერტიზით ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მოწმის სახით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები გამოიკითხნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
ერთ-ერთმა ექსპერტმა, მარიამ ბახუტაშვილმა განაცხადა, რომ თმის ღერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ ინფორმაციას ყველაზე დიდხანს, თვეების განმავლობაში ინახავს.
„ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება“, - თქვა სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა.
ექსპერტიზა დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა. როგორც ადვოკატმა ნინო ლომინაძემ აღნიშნა, ექსპერტებმა მათ მიერვე გაცემული დასკვნა დღეს სასამართლოში დაადასტურეს და კატეგორიულად განაცხადეს, რომ კაცია ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო.
„ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც პატაკის ავტორმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ კაცია იყო აქტიური მომხმარებელი, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზ კაცია არ მოიხმარდა არცერთი კატეგორიის ნარკოტიკულ საშუალებას. პირველივე დღეს, როდესაც მე ამ საქმეში ჩავერთე და გავეცანი საქმის მასალებს ვითხოვდი, რომ ბრალდების მხარეს დროულად დაენიშნა აღნიშნული ექსპერტიზა, თუმცა დადგენილებით მეთქვა უარი და მითითება იყო, რომ თავად შემეძლო ამ საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების ჩატარება“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავება, რაც მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. კაცია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ნარკოტიკი ჩაუდეს“.
იგივე მუხლით იყო დაპატიმრებული პროევროული აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილე, ექიმი გიორგი ახობაძე. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მოსამართლემ ის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ნიკა კაციას მსგავსად, ახობაძეც წინასწარ პატიმრობაში დეკემბრიდან იმყოფებოდა.
