„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 სარჩელს წარადგენს „ოცნების“ წინააღმდეგ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დავას იწყებს. როგორც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, სამართალწარმოების პროცესი სამ ეტაპად განხოციელდება, პირველ ეტაპზე კი „წულუკიანის კომისიის“ დასკვნა გასაჩივრდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბეჟაშვილის თქმით, ხელისუფლების მიტაცებითა და არჩევნების გაყალბებით „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. 

„იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა. ამიტომ, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი, საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით, ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, რადგან ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

ამიტომ, ვიწყებთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების შეტანას რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე, უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის ე.წ. ღალატის კომისიის, საგამოძიებო კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

„წულუკიანის კომისიამ“, ბუნებრივია, არ აწარმოა ფაქტების გამოძიება, შექმნა დოკუმენტი, რომელიც არის „ასავალ-დასავალის“ სტატიების კრებული და ამით ცდილობს, დაარტყას საქართველოს უახლეს ისტორიას, ჩამოშალოს ახალი ქართული სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა 2003-2012 წლების განმავლობაში და გადაწეროს ისტორია. ამის საფუძველზე ხდება დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად, პროევროპული პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოება მათი გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ მთავარი დარტყმა, მთავარი კონსტიტუციურობის საკითხი აქ უნდა გადაწყდეს და უკვე მივმართეთ სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელით“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა დღეს, 10 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე.

მეორე ეტაპზე „ერთიანი ნაციიონალური მოძრაობა“ გაასაჩივრებს იმ კანონებს, „რომლითაც „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად პარტიებს აუქმებს“. ლევან ბეჟაშვილის თქმით, შესაბამის საკონსტიტუციო სარჩელს მიმდინარე კვირაში წარადგენენ.

„მიტაცებული ხელისუფლების პირობებში, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა სპეციალური კანონები, რომლითაც ცდილობს დემოკრატიის გაუქმებას, ახალი ქართული დემკრატიული სახელმწიფოს ჩამოშლას. ამიტომ, ამ მიმართულებითაც შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელი შევა.

მესამე ეტაპი იქნება „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში იყო განსხვავებული აზრი, რამდენად ღირდა ასეთ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოშლილია და საკონსტიტუციო სასამართლო სრულად კონტროლდება „ქართული ოცნების“ მიერ, სამართალწარმოების დაწყება და „ქართულ ოცნებასთან“ პოლემიკაში შესვლა, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო იურიდიული საზოგადობის კონსულტაციების საფუძელზე, მართებულად ჩაითვალა, რომ ამ ეტაპზევე მოხდეს ჩვენს მიერ ისეთი არგუმენტების წარდგენა, რომელიც, საბოლოო ჯამში, გადამწვეტი იქნება ევროსასამართლოსთვის“, - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

„ქართული ოცნება“ სამი მსხვილი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „ახალის“ აკრძალვას ცდილობს. კონსტუტუციური სარჩელის მიხედვით, ამ პარტიების „საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, რის გამოც „ქართული ოცნება“ ითხოვს, მათი „საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია“.

ბიძინა ივანიშვილის პარტიის სარჩელს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, რომელსაც ვასილ რიონიშვილი თავმჯდომარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როინიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. კოლეგიის შემადგენლობაში ასევე არიან - ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.