ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 11-დან 10-მა წევრმა პარტია დატოვა. ისინი საკრებულოს დეპუტატის მანდატებზე უარის თქმას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ფრაქცია მუშაობას სხვა სახელით გააგრძელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
ფრაქციის თავმჯდომარის, ია ჯიშკარიანის თქმით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელ მმართველებთან უთანხმოების გამო მიიღეს და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად აპირებენ, თუ ის ახალ პლატფორმას ჩამოაყალიბებს. ჯიშკარიანის ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად პარტია დატოვა რაიონული ორგანიზაციის 30-მდე წევრმაც.
წინა დღეებში „ნაციონალურ მოძრაობა“ დატოვეს ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურის ორგანიზაციების წევრებმაც.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს თანაპარტიელების გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. Facebook-ში პარტიის დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხილ სააკაშვილის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ მას „შიდა ინტრიგები“ არ აინტერესებს.
„ალბათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან. მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა). ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები. ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს“, - წერს სააკაშვილი.
27 ნოემბერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკა მელია ამ პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ 2023 წლის იანვარში აირჩიეს. ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მხარდაჭერილი კანდიდატი იყო. ნიკა მელია, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილება 2024 წელს ეწურებოდა, კეზერაშვილ-მერაბიშვილს შიდაპარტიულ პროცესებში ჩარევის მცდელობასა და არაფორმალურ გავლენებში ადანაშაულებდა.
