30 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის დროს სპეცრაზმის მიერ დაკავებულ და ნაცემ გორელ სტუდენტს, ავთანდილ ტიტვინიძეს ოპერაცია დასჭირდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 6 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
უფლებადამცველი ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ცნობით, ავთანდილ ტიტვინიძე, რომელსაც ღია ჭრილობა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა, აწუხებდა ძლიერი ტკივილები, დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმებმა კლინიკაში არ გადაიყვანეს.
ტიტვინიძის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს, 00:30 საათზე მიმდინარეობდა. მოსამართლემ სხდომა გადადების გადაწყვეტილება მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მიიღო.
„სასამართლოს ეზოში მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაკავებული პირის კლინიკაში გადაყვანა მანამ ვერ შეძლო, სანამ მოსამართლემ ფორმალურად არ გახსნა სხდომა, გამოყო ტიტვინიძის საქმე და გადადო მისი განხილვა. ავთანდილ ტიტვინიძის ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, გამოკვლევებით დადგინდა, რომ დაკავებისას მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ჰქონდა ცხვირის ზედაპირის ღია ჭრილობა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა. ჩაუტარდა ოპერაცია, კერძოდ - გაიკერა ჭრილობა და დახურული გზით მოხდა ცხვირის ძვლების ფიქსაცია“, - აცხადებს „უფლებები საქართველო“.
ავთანდილ ტიტვინიძე ამბობს, რომ რამდენიმე სპეცრაზმელი სასტიკად გაუსწორდა და ხელკეტით გაუტეხა ცხვირი, ცხვირიდან სისხლი სდიოდა და ექიმის დახმარებას ითხოვდა, პოლიციის თანამშრომლებმა კი ნახმარი წინდა მიაწოდეს და იმით შესთავაზეს სისხლის შეჩერება.
ავთანდილ ტიტვინიძის საქმის განხილვა 5 დეკემბრისთვის გადაიდო.
თბილისში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის შეჩერებაში ადანაშაულებენ და საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ოთხი დღის განმავლობაში ჯამში 227 ადამიანი დააკავეს. მათგან სამს პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ედება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულებია. 224 პირი ადმინისტრაციული წესით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის/დაუმორჩილებლობის საბაბით იქნა დაკავებული.
