ნატო ჩამოყალიბდეს რა უნდა, ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი – პაპუაშვილი რუტეს

„ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა“, ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გულუბრყვილო არაა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ნატოს წევრი იყოს.

„ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი ამგვარი განცხადებების მიმართ და მემგონი, ძალიან კარგად ხედავს ქართველი ხალხი რასთან გვაქვს საქმე. 2008 წელს რომ თქვეს, კარები ღია არისო, გავიდა მას შემდეგ 17 წელი. საქართველომ გააკეთა ყველაფერი, გააკეთა როგორც ინსტიტუციურად, ისე სამხედრო მხრივ, დაახლოების თვალსაზრისით, ისე პირდაპირ ომებში შესვლით და ბრძოლით ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ. ბატონი რუტე რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და რომელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო, იმ ქვეყანაზე ათჯერ მეტი კონტიგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენსკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ აქეთ თითის გამოშვერა აიტანოს.

ბურთი არის სრულად ნატოს ტერიტორიაზე. საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იყოს ნატოს წევრი. საქართველოს არათუ სურვილი აქვს ამის, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი ეს საკითხი, თუმცა, ვხედავთ, რომ ვიღაცას აწყობს - საქართველო იქნება ეს, უკრაინა თუ სხვა ასეთი ქვეყანა - ჰყავდეს რაღაც ლიმბოში, არც იქით, არც აქეთ, შუაში გაჭედილი, რაც სინამდვილეში უფრო ზრდის ჩვენს უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საქართველო ნატოს წევრ 7-8 ქვეყანას უსწრებს ყველა პარამეტრით, მათ შორის, დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით, მმართველობითა და ანტიკორუფციული მდგომარეობით.

„გადახედეთ ნატოს წევრ ქვეყნებს და დემოკრატიებს იქ. ქართველი ხალხი მიამიტი არ არის და ნატო ჩამოყალიბდეს, რა უნდა. საქმეც ის არის, რომ ვერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. [...] 2008 წლიდან მოყოლებული წლიდან წლამდე ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში და ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, კვლავ გაუგებრობაში და ბუნდოვანებაში ამყოფებენ, როგორც საქართველოს, ისე უკრაინას. სამ წელიწადზე მეტია, უკრაინელები იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდნენ ნატოს წევრი. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ამ იდეის გამო და ნატოდან დღეს ეუბნებიან, რომ ისინი ვერ გახდებიან ნატოს წევრი. მიამიტი არც უკრაინელი და არც ქართველი ხალხი იქნება.

ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა და თქვას ან ის ან ეს, იმიტომ, რომ ბუნდოვანებაში და გაურკვევლობაში რომ ჰყავს მთელი ერები მიუღებელია. ქართველი ხალხი არ არის მიამიტი, დაიჯეროს ლამაზი სიტყვები - „ღია კართან“, „გეპატიჟებით“, „გელით“ და ასე შემდეგ. არანაირი ღია კარები და მიპატიჟება არ უნდა ამას, საჭიროა გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებულია.

„ცხადია, მე არ ვარ გულუბრყვილო იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ეს მკაფიოდ ვაცნობეთ ქართველებს. გვაქვს თანამშრომლობა მათთან. ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა ახლა თავისთავად ემსახურება იმ მიზანსაც, რომ დავრწმუნდეთ, გვაქვს არხი, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება ჩვენი წუხილის გამოხატვა“, – განაცხადა რუტემ.

ნატოს გენმდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთელი სამხრეთ კავკასიის კონტექსტში შეხედავდა. „არის საქართველო, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რაც ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომლებიც, როგორც ჩანს, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, ასევე იმის წყალობით, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს“, – თქვა რუტემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.