ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი

„მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე. სასაფლაოს ეპიზოდში ფიგურირებს ჩხვიმიანი. დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე იძალადა სექსუალურად, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ სექსუალური ძალადობა არ გვაქვს სახეზე. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სექსუალური ძალადობა, რომელსაც თან ახლავს არაერთი მუქარა სიცოცხლის მოსპობის, იარაღის თანხლებით“, - განაცხადა ნატა ვიბლიანის ადვოკატმა, მარიამ ბარსონაძემ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ნატა ვიბლიანი ორი დღის განმავლობაში დისტანციურად პასუხობდა გამომძიებლის კითხვებს. ის საქართველოში არ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „საქართველოს ამბებს“ უთხრეს, რომ ნატა ვიბლიანის საჯარო განცხადებების საფუძველზე, დაახლოებით ერთი თვის წინ, მესტიის პოლიციის სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. არასრულწლოვანის გაუპატიურება, როცა მოძალადემ იცის, რომ სექსუალურად ბავშვზე ძალადობს, ისჯება თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

43 წლის ნატა ვიბლიანი ყვება, რომ 9 წლის იყო, როდესაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, თანასოფლელმა გააუპატიურა. ამ პერიოდში მამამისი ახალი გარდაცვლილი იყო. ნატა ვიბლიანი მამის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასაც ითხოვს. ის ეჭვობს, რომ მამამისი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

მისივე საჯარო ჩვენებების თანახმად, მამის სიკვდილის შემდეგ, მასზე სექსუალურად 4 თანასოფლელი ძალადობდა. ნატა ვიბლიანი მათ ვინაობასაც საჯაროდ ამხელს. გოგო 14 წლის ასაკში დაორსულდა, იმშობიარა, თუმცა, როგორც თავად იცის, ბავშვი მოკლეს.

ამის შემდეგ მისი ოჯახი აიძულეს, სოფელი დაეტოვებინათ და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ. ნატა ვიბლიანმა ეს ამბები 35 წლის შემდეგ გაახმაურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმეზე 30-მდე პირია გამოკითხული.

„საქართველოს ამბები“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ დაუკავშირდა მსხვერპლის მიერ დასახელებულ ყველა პირს, ხოლო ვისთანაც კომუნიკაცია შედგა, მათ საჯაროდ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.