ნარმანიას თქმით, დენის გადასახადი მომდევნო 3 თვე არ შეიცვლება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებული ცვლილებები სამი თვით გადაავადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია დაახლოებით ორი კვირის წინ ელექტროენერგიის გადასახადის ზრდას აანონსებდა. კომისიის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამი ითვით ტარიფების შენარჩუნების გადაწყვეტილება რამდენიმე ფარტორის გათვალისწინებით მიიღეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა გამანაწილებელ კომპანიებთან თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები ის თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები, რაც იმას ნიშნავს რომ დავადგინოთ 3 თვით ტარიფები შევინარჩუნოთ ელექტროენერგეტიკის სექტორში“, – თქვა დავით ნარმანიამ კომისიის სხდომის დაწყებამდე.

ჟურნალისტებს კითხვაზე ჰქონდა თუ არა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას დამოუკიდებელი მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე, ნარმანიამ უპასუხა, რომ შეეშვან მისი ტერმინების ინტერპრეტაციას.

„ვთქვი, რომ შესაძლოა გაიზარდოს და დავასახელე სხვადასხვა ფაქტორები, რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ტარიფების ზრდა. დღეს ეს ფაქტორები არ გვაქვს, აქედან გამომდინარე ხდება არსებული ტარიფის შენარჩუნება. რაც შეეხება კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, ბუნებრივია გვქონდა, იმიტომ რომ მთავრობის პრეროგატივაა მთელი რიგი საკითხები ელექტროენერგეტიკის სექტორში, მათ შორის ეს არის ბალანსებთან დაკავშირებული საკითხები, გენერაციების პროგნოზები, ჰიდროსადგურების დერეგულირებასთან დაკავშირებული თემები, რაზეც კომისიის გადაწყვეტილებები არის დაფუძნებული. აქედან გამომდინარე ეს ბუნებრივი პროცესია“, – თქვა ნარმანიამ.

17 დეკემბერს გამართულ პრესკონერენციაზე დავით ნარმანიამ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ენერგოკომპანიების მიერ დაგეგმილ ინვესტიციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 29 დეკემბერს, ანუ დღეს, კომისია ახალ ტარიფებს დაადგენდა. „ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს“, – აღნიშნა ნარმანიამ.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დავით ნარმანია ამბობდა, რომ ამ მიმართულებით ტარიფების ზრდის წინაპირობები არ არსებობდა.

26 დეკემბერს, სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების შენარჩუნების იმედი გამოთქვა.

„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კონკრეტული პრაქტიკების შემსუბუქების, ცვლილების საფუძველზე შევინარჩუნოთ არსებული ტარიფები. ამაზეც დაგვჭირდება დამატებითი კონსულტაციები, რის საფუძველზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერმა.

დღევანდელი ტარიფებით, თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15.041 თეთრს იხდიან, ხოლო რეგიონებში მცხოვრები აბონენტები – 14.731 თეთრს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.