ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ფოტო © პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროევროული აქციების მონაწილეს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს, ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს, დილით, საცხოვრებელ სახლთან დააკავეს იმ დროს, როდესაც სამსახურში მიდოდა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, ჩეჩინს თან 4 გრამი „ალფა პვპ“ ჰქონდა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ჩეჩინი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკები პოლიციამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდო.

ჩეჩინი პირველად 18 ნოემბერს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და, როგორც ადვოკატი ამბობს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მის მიმართ იყო მუქარა, რომ აქციაზე სიარული შეეწყვიტა.

„ამის შემდგომ კი ის 3 დეკემბერს კვლავ დააკავეს, უკვე ნარკოდანაშაულის ბრალდებით. დაკავებისას ანტონ ჩეჩინი ავტომობილში მოათავსეს, რის შემდეგაც მის მიმართ დაიწყო ფიზიკური ძალადობა. ადგილი ჰქონდა საუბარს, რომ ჰყიდის ნარკოტიკულ საშუალებას და წამლავს ქართველ ახალგაზრდობას. რეალურად, მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. მოსთხოვეს ქურთუკის გახდა და შემდეგ ისევ ჩაცმა. ამის მერე ხდება მისი ქურთუკიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღება“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ 25 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია

ადვოკატის თქმით, პოლიციის განყოფილებაში ჩეჩინი თითქმის სრულად გააშიშვლეს, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა პოლიციელმა ხელთათმნიანი ხელით პირის ღრუ შეუმოწმა და ამ გზით მოიპოვა ბიოლოგიური ნიმუში, რომელიც შემდეგ ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე გადაიტანეს.

საქმეში არ იდო ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და ნეიტრალური მოწმის ჩვენება. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ნეიტრალური მოწმედ ვერ ჩაითვლებოდა თარჯიმანი შორენა ტაბატაძე.

„2019 წლიდან ეს ქალბატონი თანამშრომლობს სხვადასხვა საგამოძიებო უწყებებთან და ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე განმარტა, რომ იცნობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თითქმის ყველა გამომძიებელს, თითქმის ყველა დეტექტივს და მათთან ერთად არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში. მილიონ-ნახევარი ლარი აქვს აღებული მის კომპანიას ბოლო 6 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან. გამოდის, რომ სახელმწიფო უხდის ხელფასს ქალბატონ შორენა ტაბატაძეს“, - ამბობდა გიორგი ჩხეიძე.

ამასთან, ანტონ ჩეჩინი საქმის განხილვის დროს ამბობდა, რომ თარჯიმანი ნარკოტიკების ამოღების მომენტს არ შესწრებია და მხოლოდ მას შემდეგ ჩაჯდა პოლიციის ავტომობილში, როდესაც პოლიციელებმა მისი ქურთუკის ჯიბიდან ნარკოტიკი ამოიღეს.

26 წლის ანტონ ჩეჩინი ციმბირის ქალაქ ბარნაულიდან არის. როგორც თავად ამბობს, რუსეთში აქტიურად იყო ჩართული ანტისამთავრობო აქციებში და მხარს უჭერდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პარტიას. ის საქართველოში 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა, მომდევნო წელს კი საქართველოს მოქალაქე მანანა სამხარაძეზე იქორწინა. ანტონ ჩეჩინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - თავში არსებული კისტა, რომელიც სიმსივნური წარმონაქმნია, მუდმივ კონტროლს საჭიროებს.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით პროევროპული აქციების ექვსი მონაწილე დააკავეს: გიორგი ახობაძე, ნიკა კაცია, თედო აბრამოვი, ანტონ ჩეჩინი, არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა. ახობაძე და აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. კაციას და რუსეთის მოქალაქეების, ცოლ-ქმარ გრიბულისა და ზინოვკინას საქმეეზე განაჩენი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.