მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა

ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ოთხი თვეა უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული, ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და სოზარ სუბარს. მზია ამაღლობელი მის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების საჯაროდ უარყოფას ითხოვს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში თქვა:

„ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი. მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.. ..აქ არც კი გამოხატავს სინანულს არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“.

30 იანვარს, კობახიძემ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მედიასთან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:

„როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში, მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის“.

16 აპრილს, კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა:

„უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც

კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.

3 თებერვალს, ბრიფინგის დროს, ივანიშვილის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, კობახიძის მსგავსად, მზია ამაღლობელი დაადანაშაულა, რომ „სტიკერი“ პოლიციელს დააკრა და ის დავალებით მოქმედებდა.

„გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ჯერ „სტიკერი“ დააკრა პოლიციელს - ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. პოლიციის უფროსთან მივიდა 1 თუ 2 საათის გამოშვებული მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკით დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და შემდეგ შემოარტყა. პოლიციელს გაარტყა სილა, დემონსტრაციულად, კამერების თანდასწრებით. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციისა და პოლიციელის რეპუტაცია. სპეციალურად ამიტომ დაარტყა პოლიციის უფროსს ხელი და ამოარჩია ეს ადამიანი. ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი. ამას ტრენინგებზე ასწავლიან, რომ მაღალჩინოსანს მის ხელქვეითებთან, მის დაქვემდებარებულ ადამიანებთან, გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია და ასე ჩამოშალონ სახელმწიფო. უშუალოდ ამ სიბინძურის ამსრულებელი იმ კონკრეტულ შემთხვევაში გახლდათ მზია ამაღლობელი.“

5 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა, მზია ამაღლობელის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა „სტიკერი“ პოლიციელს ზურგზე და არ მგონია, ეს ეხლა ნორმალური საქციელი, რა გითხრათ“.

6 მაისს, ჟურნალისტებმა ეთერ თურაძემ, ნინია კაკაბაძემ, ლიკა ზაკაშვილმა, გელა მთივლიშვილმა, თამარ რუხაძემ და ზვიად ქორიძემ წერილობით მიმართეს „რუსთავი 2“-ს, გადაცემა „ღამის კურიერში“, რომელიც ნინო შუბლაძეს მიჰყავს, მზია ამაღლობელის ადვოკატ მაია მწარიაშვილს საშუალება მიეცეს, პასუხი გასცეს იმ არაზუსტ, შეცდომაში შემყვან და მცდარ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამავე ეთერში ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და პროფესიული ეთიკის ნორმები „რუსთავი 2“-ს ავალდებულებს, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. „რუსთავი 2“-მა ჟურნალისტების განცხადება ამ დრომდე უპასუხოდ დატოვა.

მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ სილის გაწვნით ტკივილი განიცადა.

მანამდე, ერთი საათით ადრე, აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავა იმის გამო, რომ მზიამ 15 იანვარს დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით სტიკერი გააკრა პოლიციის სამმართველოს შენობის ეზოს ღობეზე და არა პოლიციელს ზურგზე, როგორც ამას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები აცხადებენ. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ამაღლობელი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა გამოშვებისთანავე დააკავეს მასთან ერთად მყოფი მისი ორი ახლობელი, ძმები გაბაიძეები, რომლებსაც დაუმორჩილებლობის მუხლით ოქმი შეუდგინეს.

11-12 იანვრის ღამით დაკავებულმა პირებმა, მათ შორის, გაბაიძეებმა განაცხადეს, რომ პოლიციის სამმართველოს შენობაში მათ ფიზიკურად გაუსწორდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. დაკავებულებს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ძალადობის არცერთი შემთხვევა არ გამოიძიეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ.

ირაკლი დგებუაძე არაადამიანურად მოეპყრო მზია ამაღლობელსაც, მეორედ დაკავების შემდეგ. ამაღლობელი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს მოუყვა, რომ დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, არ აძლევდა სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში, როცა მასთან ადვოკატებს არ უშვებდნენ. ჩვენების თანახმად, დგებუაძე ამაღლობელის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ არც ეს საქმე გამოიძიეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.