მზია ამაღლობელის პროცესი 4 აგვისტოს გაგრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს, ორშაბათს გაგრძელდება. სწორედ ამ სხდომაზე გამოვა მზია ამაღლობელი საბოლოო სიტყვით. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს. მომზადებისთვის არა, იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, აქ ხმამაღლა ვთქვა“, - თქვა მზია ამაღლობელმა 1-ელ აგვისტოს, სხდომის დასასრულს.

მან პროკურორ თორნიკე გოგეშვილს მიმართა კითხვით, რა ბედი ეწია გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის, ვლადიმერ ჩიტაიას პატაკს, სადაც ის წერდა, თითქოსდა, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა დავალებით გააწნა და „თავდასხმის“ინსტრუქციებს ტელეფონით იღებდა.

„რა განვითარება ჰპოვა მისმა პატაკმა? მართალია, სასამართლო მოწმეების ჩამონათვალიდან ამოიღეთ ჩიტაია, მაგრამ ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა. რა ვიცი, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი“, გაიგეთ თუ არა სადაა, რომელ კონტინენტზე „გლობალური ომის პარტია“, რომელზეც კობახიძე საუბრობს. მართლა სირცხვილია, ისეთი შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი. ეს ხაზი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია არამარტო ჩემთვის, თქვენთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვის“, - მიმართა მზია ამაღლობელმა პროკურორს.

თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ „ტელეფონი არის ექსპერტიზაზე, კვლევის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი“.

მანამდე, სასამართლომ მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატის მაია მწარიაშვილის დასკვნითი სიტყვა მოისმინა, რომელიც 7 საათზე მეტი გაგრძელდა. ადვოკატმა დეტალურად ისაუბრა საქმეში არსებულ კანონდარღვევებსა და ცრუ მოწმე პოლიციელების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე, დაასრულს კი თქვა, რომ „ეს არის საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ“.

„კიბატონო, არ შეიძლება პოლიციელის შეურაცხყოფა, მაგრამ ეს არ წერია სისხლის სამართლის კოდექსში, ეს წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც ითვალისწინებდა ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას.

რაც არ უნდა შეურაცხყოფილი იყოს ირაკლი დგებუაძე, ეს შეურაცხყოფა ვერ იქნება სისხლის სამართლის დაცული სფერო.  სამართალი ვერ იტყვის, რომ სილის გაწვნა არის პოლიციელზე თავდასხმა. თუ სასამართლო ამას გვეტყვის, ეს იქნება პაროდია სამართალზე“, - თქვა მაია მწარიაშვილმა.

სხდომა დაახლოებით 22:30 საათზე დასრულდა. დღის პირველი საათიდან, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში და შენობის გარეთ ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

პროცესს ესწრებოდნენ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.

„დღეს ყველაზე ნათელი იყო ის, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არაფერი არ არის საქმეში, გარდა ცრუ ჩვენებისა. ასევე ცხადად გამოჩნდა, რომ ამაში ჩართულია ხელისუფლება, არის ზეწოლა, რათა ეს საქმე გახდეს პოლიტიკური. ეს არ არის პოლიტიკური საქმე და უნდა დამთავრდეს ასე. ორშაბათს მოვისმენთ მზიას განცხადებას. მოითხოვა, რომ დღეს ფიზიკურად არ შეუძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მერე ან საერთოდ სასამართლო თავის თავს გამოუტანს განაჩენს ან თავისუფლება მზიას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მედიას არც ამჯერად მიეცა პროცესის გადაღების საშუალება.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.