მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა 19 ივნისს, 324 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოში უკანონოდ დაპატიმრებული ბათუმელებისდა „ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას ითხოვს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

  • მზია ამაღლობელი ისჯება კორუფციის გამოაშკარავებისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის;
  • მზია ამაღლობელის საქმეში ხელისუფლებამ უგულებელყო პროცედურული დაცვის მექანიზმები, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც გააპროტესტა სახალხო დამცველმა; საქმე განსახილველად გადაეცა მოსამართლეს, რომელსაც არ ჰქონდა კვალიფიკაცია სისხლის სამართალში;
  • მზია ამაღლობელი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა და 38-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა;
  • ესტონეთმა და ლიეტუვამ პერსონალური სანქციები დაუწესეს მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებულ ქართველ მოსამართლეებსა და პოლიციის თანამშრომლებს, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტის შეფასებით, დრაკონული კანონმდებლობის მიღება - როგორიცაა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“ (FARA) და ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და გრანტების შესახებ კანონში - წარმოადგენს დემოკრატიული უკუქცევის საშიშ დაჩქარებას და „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაში კრიტიკული ხმების გაჩუმებას და პოლიტიკური ოპოზიციის დევნას;

„ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედია საშუალებები; საზოგადოებრივი ინფორმაციის სივრცე სრულად დომინირებს პროსამთავრობო მედიის მიერ, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის პროპაგანდას და ანტიევროპულ დეზინფორმაციას“, - ევროპარლამენტი გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე;

ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და ძალადობის გამო, მათ შორის ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და გენდერული ძალადობის გამო; მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;

ამასთანავე, ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები - ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია - და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კენჭისყრას 436 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთაგანაც 25-მა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, 87-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციას დაემატა შესწორებაც, რომლის მიხედვით, ევროპარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნაზე, რომ მას სამ სამუშაო დღეში წარედგინოს დეტალური ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა თავისი არსით შეუსრულებელია და, შესაბამისად, ქმნის ორგანიზაციების პარალიზებისა და მათი საქმიანობის შეჩერების საფრთხეს“.

„ქართული ოცნება“ 2022 წლიდან აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს.

რეზოლუციის მიღებამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე და განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე: „ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაკავებული ყველა ქართველის სიმბოლო გახდა. ერთი კვირის წინ მამაცი ქართველების წარმომადგენლები, რომლებიც 200 დღეზე მეტია იბრძვიან ევროპული საქართველოსთვის, ევროპარლამენტის კომიტეტს დაესწრნენ. გუშინ, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა მათ წინააღმდეგ. ვითარება ყოველდღე უარესდება. ამჯერად ჩემი გამოსვლა რეჟიმის ან თბილისში კრემლის მეგობრების შესახებ არ იქნება. ამაზე ყველაფერი ვთქვით აქამდე მიღებულ რეზოლუციებში.

ჩვენზე უნდა ვილაპარაკოთ, ევროკავშირზე. არ მესმის ევროპული საბჭოს, წევრი სახელმწიფოების და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე. მზია და მისი მეგობრები პატივისცემასა და დახმარებას იმსახურებენ. სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველას, ვინც ხელებს ისვრის, სანქციების ეშინია. ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რეჟიმზე ყველანაირად და აღარ ვთხოვოთ მათ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. არ დაბრუნდებიან, ვინაიდან, ეს რეჟიმი არის კრემლის გენების. ისინი ხალხს ატყუებდნენ ევროკავშირის მისწრაფებებზე, ჩვენ გვატყუებდნენ - ევროპარლამენტსა და ევროკავშირში.

მხოლოდ ახალი არჩევნები დაეხმარება ქართველებს თავიანთი ქვეყნის დაბრუნებაში. ევროკავშირის პოლიტიკური ნებაა საჭირო. საქართველოში თითქმის აღარაა დარჩენილი დამოუკიდებელი მედია. მხოლოდ „სპუტნიკის“ მსგავსი პროპაგანდისტული სატელევიზიო არხები.

სხვათა შორის, არ მესმის ისინი, ვინც ევროკავშირის შესახებ შხამს ავრცელებენ, ჯერ კიდევ აქტიურები რატომ არიან აქ - ევროპარლამენტში. მოდით, ვიმოქმედოთ. არ შეიძლება ქართველი ხალხის მარტოდ მიტოვება“.

ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი: „მედიის თავისუფლება ფუფუნება არ არის. ეს დემოკრატიული აუცილებლობაა. ის ანათებს იქ, სადაც კორუფცია და ავტოკრატია იმალება. და სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ მზია ამაღლობელი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ჟურნალისტი, 150 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დააპატიმრა. და ეს არ არის ერთეული შემთხვევა.

400-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი, ოპოზიციის წარმომადგენელი, ასევე რიგითი მოქალაქე, დააკავეს, აწამეს ან დააპატიმრეს. კოლეგებო, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს ეშინია სინათლის, რადგან მათ იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა.

ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ქართველებს ის არ სურთ და პუტინის რეჟიმის ჩრდილშია, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, დაშინებას, მანიპულირებას, რადგან იცის, რომ ქართველები არასდროს აირჩევენ ისე ცხოვრებას, როგორშიც რუსები ცხოვრობენ.

კოლეგებო, თავისუფალი პრესისა და თავისუფალი საზოგადოების შუქი ტირანიის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოვიდეს ჩრდილიდან, მოხსნას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და ქართველ ხალხს მისცეს საშუალება, თავისუფლად აირჩიოს თავისი მომავალი სინათლეში“.

სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარი, ეკატერინა ზახარიევა: „როგორც ბევრმა თქვენგანმა თქვით, საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და „ქართული ოცნების“ ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება.

ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ახალგაზრდა დემონსტრანტები არაპროპორციულად მკაცრ განაჩენებს იღებენ. დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ კრიტიკოსებს სასამართლოებში დაატარებენ - ტაქტიკა, რომელიც აშკარად განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სივრცის შესაზღუდად არის შექმნილი.

ეს არ არის საქციელი, რომელსაც ჩვენ, ევროკავშირი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები მოელიან ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს…

საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მასზე მუშაობა უნდა აირჩიოს.

მედია თავისუფლება ასევე დიდი საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს.

მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობისადმი საკუთარი ერთგულების გამო არის დაპატიმრებული. მისი „ქეისი“ თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ.

დამოუკიდებელი ჟურნალიზმი და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსამართლობის გამოსააშკარავებლად, არამედ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის მზარდი ტალღისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფები ავრცელებენ. მყარად ვუდგავართ გვერდში საქართველოს დამოუკიდებელ მედიას. ევროკავშირი მზად რჩება ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.