შრომის ინსპექციის სამსახურმა 18 ნოემბერს მომხდარი შემთხვევის გამო, რომლის შედეგადაც ერთი მუშა დაიღუპა, ორი დასაქმებული კი დაშავდა, „რუსთავი აზოტი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა და საქმიანობა ნაწილობრივ შეუჩერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ამიაკის სინთეზის საამქროს მიმდებარედ, მაცივრების რემონტის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა ქვეშ მოჰყვა.
ორივე დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ინციდენტი კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ გამოიწვია - „ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას. შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად სს „რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით. მხოლოდ 2021 წელს, ობიექტის მიმართ სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, შრომის ინსპექციამ 32 მითითება გასცა, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია „რუსთავის აზოტის“ მიერ. „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „რუსთავის აზოტში“ 18 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამრეწველო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
სააქციო საზოგადოება „რუსთავი აზოტი“ ამიერკავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი ქიმიური საწარმოა, სადაც კომპანიის მონაცემებით, დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს სს „EU Investments“, რომლის დირექტორიც ეფრემ ურუმაშვილია.
2021 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 (მამაკაცი) და დაშავდა 253 პირი (37 ქალი და 216 მამაკაცი). საწარმოო უბედური შემთხვევებიდან 1 მასობრივი ხასიათისაა, 58 - მძიმე და 195 - საშუალო სიმძიმის შემთხვევა. ამათგან, დაღუპულთა და დაშავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამთომოპოვებითი მრეწველობის და კარიერის დამუშავების და საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის სფეროზე მოდის.
