მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებს კურიერებად, მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ

2026 წლის 1-ელი მარიდან, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს კურიერებად, მძღოლებად და გიდებად მუშაობა აღარ შეეძლებათ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი „ქართული ოცნების“ მთავრობის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცდა.

დოკუმენტის მიხედვით, იმ პროფესიებზე/კვალიფიკაციებზე, სამუშაო პოზიციებზე/ სფეროებზე და ეკონომიკური საქმიანობების სფეროებზე, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე აჭარბებს ან გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას, განისაზღვრება შესაბამისი კვოტები:

  • საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;
  • საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;
  • საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;
  • საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.

შრომითი საქმიანობის უფლებას გასცემს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“. იგი უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად, ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან საქართველოში ან დისტანციური ფორმით.

შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში:

  • ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი;
  • იმ შემთხვევაში, თუ 10 სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურ(ებ)ის მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს;
  • სააგენტოს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში მიიღებს;

თვითდასაქმების მსურველი უცხოელი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განცხადებას თავად წარადგენს.

შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურება ფასიანია: 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისას საფასური 200 ლარს შეადგენს, ხოლო მე-10 სამუშაო დღეს გაცემისას – 400 ლარს.

თვითდასაქმებული უცხოელები უცხოელებთან მიმართებაში, რომლებიც 2026 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით უკვე ახორციელებენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამუშავდება.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (www.Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1-ელი მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მიბისტრმა ირაკლი კობახიძემ 18 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში მაქსიმუმ 257 ათასი უცხოელი იმყოფება. 37 ათასი უცხოელი სტუდენტია.

20 ათასს აღემატება არალეგალი მიგრანტების რაოდენობა. კობახიძის თქმით „ქართული ოცნების“ ამოცანაა, „საშუალოვადიან პერსპექტივაში“ საქართველო „მთლიანად გათავისუფლდეს“ უკანონო მიგრანტებისგან.

რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს, როგორც „ქართული ოცნების“ პრემიერმა თქვა, ბნადრობის ნებართვით 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქე სარგებლობს. აქედან ყველაზე მეტი - 32 129 ადამიანი რუსეთის მოქალაქეა. კობახიძის თქმით, „მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები“. 23 930 - ბინადრობის ნებართვაა გაცემული ინდოეთის მოქალაქეებზე. მათ უმრავლესობას სტუდენტები შეადგენენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.