საქართველოს მთავრობა გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საპატრიარქოს დამატებით 7 500 000 ლარით დააფინანსებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, აღნიშნულ თანხას ფინანსთა სამინისტრო 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოუყოფს, შემდეგ კი სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაურიცხავს.
გელათის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციას კულტურის სამინისტრო ახორციელებდა, თუმცა ერთი წლის წინ, 2023 წლის თებერვლის ბოლოს, უწყებამ სამუშაოები საპატრიარქოს გადააბარა. ამას წინ უძღოდა საპატრიარქოს განცხადება იმის შესახებ, რომ „გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-2019 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო“, 2021 წელს კი კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საპატრიარქოს ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გელათის ფრესკების დაზიანების შესახებ კრიტიკული და საგანგაშო დასკვნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ანგარიშში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი ფაქტია გამოვლენილი, თუმცა პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ არის მიცემული.
ცოტა ხნის წინ გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონ ლარს იღებს. მიმდინარე წელს ამ თანხას დაემატა 35 მილიონიც, რომელიც ირაკლი კობახიძის 15 მარტის განკარგულების საფუძველზე, საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებების „ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით“ გამოიყო. 35 მილიონი ლარიდან 22 157 000 ლარს საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი მიიღებს, ხოლო 485 000 ლარს - წმინდა მეფის სახელობის გიმნაზია. დანარჩენი თანხები საპატრიარქოს ქვეშ მოქმედ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაზე განაწილდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდა წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმისა და თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპებთან. არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არჩევნების წელს ეს გადაწყვეტილება „პოლიტიკურ მიზანს უფრო ატარებს და მას ეკლესიის ლოიალობის და საბოლოოდ რელიგიური სენტიმენტების მობილიზებით ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების დანიშნულება აქვს“.
