„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 5 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 6 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის თქმით, ყაველაშვილი სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის პროგრესზე ისაუბრებს.
„მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტიც მიმართავს მაღალი ტრიბუნიდან საზოგადოებას და ყურადღებას გაამახვილებს იმ წინსვლაზე, პროგრესზე, რომელიც საქართველომ განიცადა. განსაკუთრებით გაეროს პრინციპებთან მიმართებაში. ეს პრინციპებია, რასაკვირველია, პირველ რიგში, მშვიდობა და უსაფრთხოება, ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები; ეს არის უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა, რომელიც გაეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია; ეს არის ადამიანის უფლებები; ეს არის მოსახლეობის ღირსეული თვითრეალიზაციის შესაძლებელობები“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალრი მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარიდან ირკვევა, რომ ყაველაშვილი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრებს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა“, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
კითხვაზე, რა არის სიმართლე, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებები და დამოკიდებულება „დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე“.
„ძირითადი გზავნილები, რა თქმა უნდა, იქნება არსებულ სიტუაციაზე, იმაზეც, რომ საქართველო მზად, არის ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – დასძინა „ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილი „იმაზე ისაუბრებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.
„საქართველოს მთავარი სათქმელი მშვიდობა და საერთაშორისო სამართლის პრიმატია.
რამდენიმე ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, სადაც შევძელით და 13 წელია, მშვიდობა შევინარჩუნეთ. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც შეიძლება, სხვებისთვის საინტერესო იყოს. ჩვენს კოფლიქტებსა და ომებს ზოგი ნელთბილად უყურებდა, მაგრამ ახლა, როცა ევროპის შუაგულშია ომი, ალბათ ყველამ გააცნობიერა, რა პრობლემაა ომი და რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას. „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, როგორ უნდა შეინარჩუნო მშვიდობა ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენ გარშემო კონფლიქტებია“, – თქვა პაპაუშვილმა.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ისაუბრებს თუ არა ყაველაშვილი რუსეთზეც. „თქვენთვის სტატისტიკაა მნიშვნელოვანი, ვინ სად რამდენჯერ ახსენებს რუსეთს და როგორ კონტექსტში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ამას აბსოლუტური დატვირთვა ჩვენი საჯარო გამოსვლების დროს არ აქვს. ჩვენთვის ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ეს არის მშვიდობა. მათ შორის ის, რომ არ იყოს ახალი ომი, რომელიც ასე ძალიან უნდა ზოგიერთს“, – უპასუხა შალვა პაპუაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა 23 სექტემბერს არის დაგეგმილი. საერთაშორისო საზოგადოებას ის ქართულ ენაზე მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას სიტყვით ბოლოს 2019 წელს მიმართა. მაშინ ამ თანამდებობას სალომე ზურაბიშვილი იკავებდა. მოგვიანებით „ქართულ ოცნებას“ მასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2020-2024 წლებში, გენერალური ასამბლეის სესიებზე ქვეყნის სპრემიერ-მინისტრები [გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე] გამოდიოდნენ.
