რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსული მხარე მზად არის, საქართველოსთან პრაგმატული ურთიერთობები გააფართოვოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ჩვენ მზად ვართ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის.
აშკარაა, რომ საქართველოს წარმატებული განვითარების საწინდარი არა კონფრონტაცია, არამედ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაა“, - აღნიშნა გალუზინმა.
მისი მტკიცებით, მიუხედავად არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა, რუსეთი ცდილობს, ჩამოაყალიბოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კავშირები, რომლებიც ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
რუსი დიპლომატი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროებში მიღწეულ პროგრესზე და საქართველოსა და რუსეთს „ბუნებრივ პარტნიორებად“ მოიხსენიებს, რაც, მისი თქმით, გეოგრაფიული მდებარეობითა და ისტორიული ბედის გადაკვეთით არის განპირობებული.
„რუსული და ქართული სახელმწიფოების ურთიერთობებს საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირები, ერთიანი სულიერი საძირკველი. მიუხედავად ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებისა, ჩვენ ვცდილობთ, საქართველოსთან ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ავაგოთ.
მართლაც, ბოლო წლებში სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი სავაჭრო თანამშრომლობასა და ტურიზმში.
საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა, ხოლო ჩვენი ტევადი ბაზარი ქართული ექსპორტის ძირითადი საქონლისთვის მთავარი მიმართულებაა.
ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ჩვენს ამოცანად მიგვაჩნია ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირების გაფართოებისთვის პირობების შექმნა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
ხაზს ვუსვამ - ისტორიული ბედისწერისა და გეოგრაფიის მჭიდრო გადაჯაჭვულობის გათვალისწინებით, რუსეთი და საქართველო ერთმანეთისთვის ბუნებრივი პარტნიორები არიან. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც კი, რომ თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლასა და მისთვის წაყენებულ ულტიმატუმებს, უარი ეთქვა ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაზე, არ ჰქონია ის ეფექტი, რაზეც დასავლეთში ჰქონდათ გათვლა“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, მიხაილ გალუზინის თქმით, ამჟამად ორმხრივი კონტაქტები არ არსებობს.
„მიზეზი მსგავსი დიალოგისთვის ქართული მხარის მზაობის არქონაშია. მე, რა თქმა უნდა, მიჭირს ვიმსჯელო, თუ როგორ ეხმარება ეს საქართველოს ამა თუ იმ პრობლემის გადალახვაში, მაგრამ ეს მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა გალუზინმა.
მიუხედავად მოსკოვის რიტორიკისა, თბილისის ოფიციალური პოზიცია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით უცვლელია. საქართველო ამ შესაძლებლობას გამორიცხავს მანამ, სანამ ქვეყნის ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. თუმცა, „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს და მტკიცედ უჭერს მხარს „მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას“.
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივნისში რუსეთი იმპორტის მიხედვით მეორე ადგილზე იყო და მასზე 1 მლრდ 195 მლნ დოლარი მოდიოდა (მთლიანი იმპორტის 13.2%). ექსპორტის მიმართულებით კი რუსეთი რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია 332 მლნ დოლარით, რაც მთლიანი ქართული ექსპორტის 8.6%-ს შეადგენს.
წლის პირველ ნახევარში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 497 513 ტურისტული ვიზიტი განახორციელეს, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია. ამ მაჩვენებლით რუსეთი ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი (414.5 ათასი), სომხეთი (204.3 ათასი) და ისრაელი (137.7 ათასი). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემები ისტორიულ მაქსიმუმთან არის ახლოს და მხოლოდ 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს ჩამორჩება.
