რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შეცვლას ცდილობს და ქვეყანას ეკონომიკური არასტაბილურობისკენ უბიძგებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 4 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 5 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
„რუსეთისთვის სულერთი არ არის ის, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია მეზობელ საქართველოში. ჩვენი ხალხების ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, მათ აერთიანებს საერთო ისტორია, კულტურა, რწმენა და ფართო კონტაქტები ადამიანებს შორის“, - განაცხადეს დიპლომატიურ უწყებაში მინისტრ სერგეი ლავროვის 14 იანვრის პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
ლავროვს ჰკითხეს, „დასავლეთის ზეწოლის პირობებში, არის თუ არა მოსკოვი მზად საქართველოს მხარდაჭერა აღმოუჩინოს, თუ, რა თქმა უნდა, თბილისში ამას სთხოვენ?“.
პასუხში, რომელიც დღეს, 24 იანვარს, გამოქვეყნდა, ნათქვამია, რუსეთი არ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, „აშშ-სა და ევროკავშირისგან განსხვავებით, რომლებიც აგრძელებენ მცდელობებს საქართველოს უხეშად მოახვიონ თავს საკუთარი ნება“.
„ვაშინგტონის წარმავალი ადმინისტრაცია და ევროკავშირის წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შეცვალონ ქართველი ხალხისა და მისი არჩეული ხელისუფლების სუვერენული არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ. ისინი თბილისს უყენებენ ულტიმატუმს: ან დასავლეთთან, ან რუსეთთან.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობას ეყოფა გამძლეობა და სიბრძნე, რომ არ გახდეს სათამაშო სხვების ხელში, ვინც ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობისკენ უბიძგებს“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
ლავროვის პასუხში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ თბილისთან ორმხრივ ურთიერთობების ნორმალიზება რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებშია.
„2023 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ ბიძგი მისცა ტურისტულ გაცვლებს.
პირდაპირი ფრენების სიხშირე და გეოგრაფია ფართოვდება. ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირების შემდგომი წახალისების მიზნით, 2024 წლის ოქტომბერში უვიზო რეჟიმი გავრცელდა რუსეთში სწავლის, მუშაობისა და ცხოვრების მიზნით ჩასულ საქართველოს მოქალაქეებზე.
ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაციის გზა იმდენადად შორს, რამდენადაც თბილიში იქნებიან მზად“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
