პროევროპული აქციების დროს დაკავებულ მუსიკოსს, 26 წლის დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი დღეს, 15 აგვისტოს გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 21 წლის მათე დევიძეს, 53 წლის დავით ლომიძეს, 39 წლის თემურ ზასოხაშვილს, ხოლო 21 წლის გიორგი მინდაძე 5 წლით გაუშვა ციხეში. სინდისის პატიმრების საქმეებზე გალუსტაშვილს, ამ დრომდე, გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია.
ვიდრე მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა, დავით ხომერიკმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ წარდგენილ ბრალს - აფეთქების მომზადებას - არ აღიარებს.
„ეს არის სრული აბსურდი და სისულელე. მე არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ ჩამიდენია, პროკურატურას არ აქვს ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურორი ყოველ სიტყვაში მის მიერ გამოგონილ „მოლოტოვის კოქტეილებს“ იმეორებს, რომლის შესახებაც მე ინფორმაციას არ ვფლობ“, - დავით ხომერიკმა მოსამართლესაც მიმართა და მოუწოდა, „ბოლომდე დამოუკიდებელი“ ყოფილიყო.
შინაგან საქმერთა სამინისტროს თანამშრომლებმა დავით ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს, თამარაშვილის გამზირის მიმდებარედ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თითქოს ის გზის სავალ ნაწილს კეტავდა და პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. მოგვიანებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც გულისხმობს აფეთქების მომზადებას და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მტკიცებით, პოლიციელებმა დავით ხომერიკს ზურგჩანთაში უპოვეს რამდენიმე ბოთლი, რომელშიც „აალებადი ნივთიერება - სახეშეცვლილი დიზელი“ ესხა.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლიდით, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები კანონის დაცვითა და სანდო წესით იყო წარმოდგენილი, დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ კანონის ნორმა დასჯადად აცხადებს ისეთი ნივთის ქონას, რომელიც არის ასაფეთქებელი ან სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი და პოლიციელი ყველა სხდომაზე დაჟინებით იმეორებდნენ სიტყვას „მოლოტოვის კოქტეილი“, ექსპერტიზის დასკვნამ გამორიცხა, რომ ეს არის ასაფეთქებელი ნივთიერება, არათუ „მოლოტოვის კოქტეილს“, არამედ თქვა, რომ ასაფეთქებელ ნივთიერებას საერთოდ არ წარმოადგენს. ექსპერტიზამ თქვა, რომ შესაძლებელია გახდეს აალებადი ნივთიერება იმ შემთხვევაში, თუ მასზე განხორციელდება დამატებითი მანიპულაცია, დაყენებული იქნება სხვადასხვა მექანიზმი და ა.შ.“, - აცხადებდა დავით ხომერიკის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.
მოწმე პოლიციელმა, გიორგი ჯიქიამ, რომელმაც დავით ხომერიკი ადმინისტრაციული წესით დააკავა, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ბოთლები პირველად პოლიციის განყოფილებაში ნახა, ადმინისტრაციული დაკავებისა და ჩხრეკის ოქმში კი წერდა, რომ ხომერიკს თან ჰქონდა აკრძალული ნივთიერებები.
„თავად ხომერიკის ჩვენებაც კი, რომელიც იძულების წესითაა მოპოვებული და სრულად პოლიციის შემოქმედებაა, ამბობს, რომ ის ერთხელ გაჩხრიკეს“, - შოთა თუთბერიძე გიორგი ჯიქიას ურთიერთსაპირისპირო ჩვენებებზე მიუთითებდა.
ადვოკატის თქმით, დაკავებისას და შემდეგ, პოლიციის განყოფილებაშიც, დავით ხომერიკის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მუქარა განხორციელდა.
