მოსამართლემ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო დაკავებული პოეტი ზვიად რატიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დაცვის მხარე ზვიად რატიანის გათავისუფლებას ითხოვდა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, პროკურატურა ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებდა, რაც, ადვოკატის შეფასებით, მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული.

„ახალი დანაშაულის საფრთხეზე მითითებისას პროკურატურამ არგუმენტად მოიყვანეს ის გარემოება, რომ ზვიად რატიანი არაერთხელ არის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული. აღნიშნული გარემოება შეუძლებელია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი გახდეს, ვინაიდან საუბარია იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევბზე, რომელზეც სასამართლოს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება და შეუძლებელია იგი პიროვნების დამახასიათებლად განვიხილოთ. ზვიად რატიანი არ არის ნასამართლევი და ცხლსახად, არ არსებობს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც ასეთ საფრთხეს რეალურს გახდიდა. რაც შეეხება მეორე საფრთხეს, ეს არის მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ეს საკითხიც არის სრულიად აბსტრაქტული და არარელევანტური, ვინაიდან საქმეში მოწმეებად წარმოდგენილნი არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე შემხებლობა ზვიად რატიანთან და გაუგებარია, როგორ შეიძლება ზვიად რატიანმა მოწმე პოლიციელზე ზეგავლენა მოახდინოს“, - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

ადვოკატმა მარიამ პატარიძემ ზვიად რატიანის ქმედებას სიმბოლური აქტი უწოდა, რომელიც, მისივე თქმით, არ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული იყოს.

„დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო, მინიმალურად მტკივნეული სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებადი. ყველა მოძალადე პოლიციელმა, ხელისუფლების, სასამართლოს ყველა წარმომადგენელმა, ვინც ამ უსამართლობაშია ჩართული, უნდა მიიღოს თავის თავზე. ჩემს ბუნებაში არ ზის ტკივილის მიყენება. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“, - განაცხადა ზვიად რატიანმა და აღნიშნა, რომ მისი ინსპირაცია მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის საქმეები გახდა.

„ეს სილა იქცევა ძალიან დიდ სილად“, - აღნიშნა პოეტმა.

ზვიად რატიანი 23 ივნისს, თბილისში, პარლამენტთან დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ზვიად რატიანმა ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოეტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე დაინიშნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.