მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვს

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე / მარიამ ნიკურაძის ფოტო

მოკლული მასწავლებლის, 28 წლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ადვოკატები „ქართული ოცნების“ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას მოითხოვენ. მათ დღეს, თბილისში, გენპროკურატურასთან გამართულ აქციაზე, განაცხადეს, რომ გვარაკიძეს გადაწყვეტილების მისაღებად ვადას 17 იანვრამდე აძლევენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უნდა გადადგეს გენერალური პროკურორი. ეს ნამდვილად სამართლიანი მოთხოვნაა, რადგან ამდენი დარღვევა ერთ საქმეზე ნიშნავს იმას, რომ ის ვერ აკონტროლებს თავის სისტემას და მას არ შეუძლია, ჩვენ დაგვიცვას“, – თქვა გიგა ავალიანის ბიძამ, კახაბერ კუპატაძემ, რომელიც ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსია.

ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მასობრივ საპროტესტო აქციებზე გადავლენ და შიმშილობასაც მიმართავენ. „ადამიანს შვილი მოუკლეს და სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ აძლევენ... გაგიგიათ ასეთი რამ, რომ მკვლელობის საქმეზე, სავარაუდო მკვლელის სახლში ჩხრეკა არ ჩაატარეს?! “, – აღნიშნა ადვოკატმა.

„მსოფლიოში არ ყოფილა შემთხვევა, შვილმოკლული დედისთვის სამართლის საპოვნელად  სავალდებულო გამხდარიყო შიმშილი და იმ შიმშილით მომკვდარიყო. აი აქ მანამ ვიშიმშილებ, სანამ არ გადადგება, სანამ სწორ მსვლელობას არ მისცემს ამ საქმეს. მომერიე, გიორგი გვარაკვიძევ“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

28 წლის გიგა ავალიანი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო და მოსამზადებელ ცენტრში აბიტურიენტებს მათემატიკას ასწავლიდა. 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, გვიან საღამოს, სახლში დაბრუნებისას, მას თავს არასრულწლოვნები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 23-დღიანი კომის შემდეგ, გიგა ავალიანი ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ, 25 ოქტომბერს, პოლიციამ 2008 წელს დაბადებული ა. გ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დააკავა. მეორე დღეს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს 2007 წელს დაბადებული გ. რ., ხოლო 20 დეკემბერს, პროკურატურამ ამავე ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავების შესახებ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ, მომხდარი დანაშაულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინეს“, – განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ ოქტომბერს, ა.გ. და გ.რ., ა. გ.-ის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ ზღვისუბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. საქმის მასალების მიხედვით, 22:20 საათზე ა.გ. მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გ.რ. ტელეფონით იღებდა. პროკურატურა აცხადებს, რომ დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმის მასალებში დევს არასრულწლოვნებს შორის მიმოწერა, რომლის შინაარსი ადასტურებს, რომ ისინი თავდასხმას ამზადებდნენ.

ადვოკატ დარეჯან სულუაშვილის თქმით, ჯგუფურ დანაშაულზე მიუთითებს ვიდეო, რომელიც გ.რ.-მ ტელეფონით გადაიღო, თუმცა გამოძიებას დაუმალა და მხოლოდ მოჭრილი 4-წამიანი კადრი მიაწოდა. მოგვიანებით, ექსპერტიზამ კიდევ 19 წამი აღადგინა, თუმცა ვიდეომასალის ზუსტი ხანგრძლივობა ამ დრომდე არ არის დადგენილი. ადვოკატის თქმით, 19-წამიან ვიდეოში ჩანს, რომ დაცემის შემდეგ გიგა ავალიანს გ.რ.-ც ურტყამდა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გიგა ავალიანის სიკვდილის მიზეზი გახდა ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით. ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მუშტის დარტყმა მსგავსი სიმძიმის დაზიანებას ვერ გამოიწვევდა – ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა კაცს შუბლში მძიმე საგანი ჩაარტყეს.

ისინი არასრულფასოვნად ჩატარებულ გამოძიებაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ადგილი სათანადოდ არ შეისწავლა. მაგალითად, გიგა ავალიანის ყურსასმენები თავდასხმის ადგილას მეორე დღეს ოჯახმა იპოვა და გამოძიებას გადასცა. მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ასევე ოჯახის წევრებმა იპოვეს ქვა, რომელიც, მათი ვარაუდოთ, თავდამსხმელებმა სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე აიღეს და დანაშაულის იარაღად გამოიყენეს. ამ საკითხზე ექსპერტიზის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის. გარდა ამისა, გამომძიებლებს ქსპერტიზისთვის არ ამოუღიათ ა.გ.-ს და  გ.რ.-ს ტანსაცმელი, რაც მათ დანაშაულის ჩადენის ღამეს ეცვათ და რომელზეც შესაძლოა მოკლულის დნმ ყოფილიყო.

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი წევრები პროკურატურისგან საქმის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელებას, დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დაკავებას და მათთვის, როგორც დაზარალებული მხარისთვის, სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ.

ოჯახის მოთხოვნაა კლინიკის მედპერსონალის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც. დედის, ეკა კუპატაძის თქმით, ექიმებმა გიგა ავალიანის თავის კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათი რამდენიმე საათის დაგვიანებით, მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ნახეს. გარდა ამისა, ეკა კუპატაძის თქმით, ექიმებმა სამედიცინო ისტორიაში სრულად არ მიუთითეს მისი შვილის სხეულზე არსებული დაზიანებები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.