არალეგიტიმურმა პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 79 ხმით, მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებითაც საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასა და მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
„ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.
„რეორგანიზაციის დაწყების შესაძლებლობად აღარ განიხილება კონკრეტული თანამშრომლისთვის ფუნქციის მინიჭება ან მისი საქმიანობიდან ცალკეული ფუნქციის ამოღება. არასწორი შეფასებები გამოიწვია პირველი რედაქციის კონკრეტულმა დანაწესმა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ რეორგანიზაციის შედეგად გამოცხადებული კონკურსი ავტომატურად იწვევს თანამშრომელთა გათავისუფლებას. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განჭვრეტადი და აღქმადი იყოს შესაბამისი მუხლი, განვახორციელეთ ცვლილება, რომლის თანახმად, რეორგანიზაცია არ იწვევს ავტომატურად რაიმე ფორმით სამსახურებრივი ურთიერთობის პირდაპირ შეწყვეტას. ანუ რეალურად კონკურსი, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ გამოცხადდება, იქნება განმსაზღვრელი იმისა ამ კონკურსი შედეგად ვინ დარჩება თანამშრომლად“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ამასთან, მნიშვნელოვანი ცვლილება შედის მოხელის უფლებების დაცვის ნაწილში. კერძოდ, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ გამოიწვევს საჯარო სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას მიეცემა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, აგრეთვე აღნიშნული პირი მისი თანხმობით ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.
აღარ იქნება შესაძლებელი საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელის იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანა, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ცვლილებაა ისიც, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან. შესაბამისად, მათი ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას. დავით მათიკაშვილის თქმით, აღნიშნული პირები იგივე სახელფასო განაკვეთით ისარგებლებენ, რაც მათ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანამდე ჰქონდათ.
ცვლილება შევიდა კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის იმ ნაწილშიც, რომელიც საჯარო მოხელის შეფასებას ეხება:
- საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს 6 თვეში ერთხელ. დღეს მოქმედი კანონით, შეფასება წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი.
- საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი იქნება მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასებიდან 1 თვის განმავლობაში, ნაცვლად სამი თვისა.
- არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მოხელეს დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.
არალეგიტიმურმა პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.
