მინისტრებისა და მერების მოადგილეები პრემიებსა და დანამატებს ისევ მიიღებენ

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მინისტრების, მერებისა და გუბერნატორების მოადგილეებისთვის პრემიებისა და დანამატების გაცემაზე დაწესებული აკრძალვა უქმდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, ხელისუფლება უწყებებში შტატგარეშე თანამშრომლების ლიმიტის 15%-მდე გაზრდას გეგმავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეს მოქმედი კანონით, მინისტრებს, მერებს, გუბერნატორებსა და მათ მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) მიღება ეზღუდებათ. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, თუკი ხელმძღვანელების შემთხვევაში ეს შეზღუდვა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო, მოადგილეების შემთხვევაში მსგავსი საფრთხე არ არსებობს, რადგან მათ საქმიანობას ზემდგომი პირები აკონტროლებენ.

კანონპროექტი განსაზღვრავს პირობებს, რომელთა საფუძველზეც შეიძლება გაიცეს დამატებითი ანაზღაურება: სახელფასო დანამატი გაიცემა ზეგანაკვეთური მუშაობის, ღამის ცვლის, უქმე დღეებში საქმიანობის ან ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი სამუშაოს შესრულებისთვის. ერთჯერადი დანამატი არ უნდა აღემატებოდეს 1 თვის ხელფასს, ხოლო წლის განმავლობაში ჯამურად - წლიური ხელფასის 20%-ს. ფულადი ჯილდო (პრემია) გაიცემა სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისთვის ან განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის. წლის განმავლობაში მიღებული ჯილდოების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ხელფასის 10%-ს.

კანონპროექტის მეორე ნაწილი ეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს (შტატგარეშე თანამშრომლებს). განმარტებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან 2024 წლის რეფორმით საშუალო რგოლის ბევრი მენეჯერი ამ კატეგორიაში გადავიდა, უწყებებს სჭირდებათ მათი რაოდენობის ლიმიტის გაზრდა. ცვლილების მიხედვით, ასეთი თანამშრომლების წილი უწყების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ის ნაცვლად 15% გახდება (გარდა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებული უწყებებისა, სადაც კვლავ 10% რჩება).

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსგავსი სისტემა, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება მრავალკომპონენტიანია, აპრობირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, აშშ და სხვა. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ეს მიდგომა მიზნად ისახავს საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების მოტივაციისა და ეფექტიანობის ზრდას.

კანონპროექტის მიხედვით, ვინაიდან 2026 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები მიმდინარე წლის ფარგლებში არსებული რესურსებით დაფინანსდება. მომდევნო წლებში კი ბიუჯეტის დაგეგმვისას ეს ახალი საჭიროებები წინასწარ იქნება გათვალისწინებული.

კანონპროექტის ავტორია „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაცია. ცვლილებები ძალაში შევა პარლამენტის მიერ მისი სამი მოსმენით დამტკიცებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ.

საჯარო სექტორში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შეიზღუდა. წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა შემოიფარგლა წლიური სარგოს 20%-ით, ხოლო ფულადი ჯილდო - წლიური სარგოს 10%-ის ოდენობით. ამასთან, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე როგორც სახელფასო დანამატების, ასევე, პრემიების (ფულადი ჯილდო) გაცემა აიკრძალა. ამ კანონის მიღება განპირობებული იყო საზოგადოებაში არსებული მწვავე პროტესტით საჯარო მოხელეების მიერ აღებული ე.წ. „ასტრონომიული“ პრემიებისა და დანამატების გამო, რომლებიც ხშირად ხელფასს რამდენჯერმე აღემატებოდა. ამ ფაქტებს აქტიურად ააშკარავებდა „საქართველოს ამბების“ გამოცემა „რეგინფო“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ამჟამინდელი განმარტებით, 2018 წელს დაწესებულმა სრულმა შეზღუდვამ მოადგილეების შემთხვევაში (რომლებიც უშუალო შემსრულებლები და პროცესების მმართველები არიან) მოტივაციის და ეფექტიანობის პრობლემა შექმნა. ახალი ინიციატივა სწორედ ამ შეზღუდვას აუქმებს და მოადგილეებს იმავე კატეგორიაში აბრუნებს, სადაც სხვა საჯარო მოსამსახურეები არიან (ლიმიტირებული პრემია/დანამატის უფლებით).

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.