2026 წელს არაქართულენოვანი პირებისთვის ქართული ენის გამოცდა ჩატარდება, შედეგების მიხედვით კი ენის ფლობის შესაბამისი დონის სერტიფიკატი გაიცემა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, საქართველოს განათლების ისტორიაში პირველად, ჩატარდება სახელმწიფო ენის გამოცდა. გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეიდან, 24 ნოემბრიდან დაიწყება და 1-ელ დეკემბერს დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge“, – თქვა მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
გივი მიქანაძის განმარტებით, სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისათვის.
„სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა გამოცდა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.
სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხი კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი.
2030 წლიდან, A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად, C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებას ვგეგმავთ და ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს,“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესი „ქართული ოცნების“ მთავრობამ რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა. დადგენილებაში ნათქვამია, რომ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური 50 ლარი იქნება.
