შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 31 წლის დემეტრე რევაზაშვილს, რომელიც გორს მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში თანასოფლელის ცემისთვის დააკავეს, პროკურატუირამ ბრალი წარუდგინა. დაზარალებული რევაზ მიხანაშვილი რეანიმაციაშია მოთავსებული - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
დემეტრე რევაზაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
პროკურატურის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.
დემეტრე რევაზაშვილი 31 ივლისს დააკავეს. ბრალდების მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ბრალდებულის ადვოკატის, რევაზ რევაზიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
„არ ვიცით, რა ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა წარდგენილი ბრალდება. მას ჩვენება მიცემული აქვს, მაგრამ კონკრეტულად ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის შესახებაც გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა, რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. მისი განმარტებით, იგი უბრალოდ ცდილობდა დახმარებოდა იმ პირს, რომელიც დღეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, გააკეთა ყველაფერი, მათ შორის პირველადი დახმარების გაწევის სახითაც“, - უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს.
51 წლის რევაზ მიხანაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლის თქმით, მას თავის ტვინის ტრავმული დაზიანება აქვს მიღებული. „პაციენტის ჯანმრთელობის მგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შესაბამისად, რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია. გადმოცემით ვიცით, რომ ეზოში წაქცეული ნახეს. ჰოსპიტალში შემოყვანის დროს უგონო მდგომარეობაში იყო“, - აღნიშნა ექიმმა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება.
