მედია: საქართველოში ჩამოვარდნილ თურქეთის თვითმფრინავს F-16-ების სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა

ფოტო © REUTERS/Irakli Gedenidze

თურქეთის ეროვნულმა თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 11 ნოემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის საჰაერო ძალების C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უწყების განცხადებით, ავიაკატასტროფის მიზეზი დადგინდება საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული დეტალური გამოძიების შედეგად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-ს თანახმად, თვითმფრინავი განჯის აეროპორტში წინა დღეს, 10 ნოემბერს, დაეშვა და იქ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დარჩა, ეკიპაჟს არც თვითმფრინავი დაუტოვებია და არც აეროპორტის ტერიტორია.

სააგენტოს ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც F-16 გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ. F-16-ებმა 8 ნოემბერს, ბაქოში გამართულ მასშტაბურ სამხედრო აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. აღლუმს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრებოდა.

APA-ს წყაროს თანახმად, განჯის აეროპორტიდან C-130-ის აფრენამდე ჩატარდა ყველა საჭირო პროცედურა და შემოწმება უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით, რასაც აეროპორტის სათვალთვალო კამერებიც ადასტურებს.

„ბორტზე არ იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები ან მოწყობილობები - მხოლოდ F-16 თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები“, - ციტირებს სააგენტო წყაროს.

APA-ს თანახმად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი დიდი ხნის განმავლობაში იყო ექსპლუატაციაში, კაპიტალური რემონტი კი ბოლოს 2020 წელს ჩაუტარდა.

„C-130-ის კორპუსზე გარე ზემოქმედების ელემენტების არარსებობა გამორიცხავს მისი ჩამოგდების შესაძლებლობას. მაშინაც კი, თუ აფეთქება შიგნით მოხდებოდა, აფეთქების ტალღის კვალი კორპუსზე ნამდვილად დარჩებოდა“, - აღნიშნავს APA-ს წყარო.

გამოცემა წერს, რომ წინასწარი გამოძიება იძლევა საფუძველს, ყურადღება ორ ვერსიაზე გამახვილდეს: თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ტექნიკური გაუმართაობა, რომელიც დაკავშირებულია თვითმფრინავის ხანგრძლივ ექსპლუატაციასთან და საჰაერო კორპუსის შესაძლო კოროზიასთან, რამაც ფრენის დროს მაღალი წნევის ზემოქმედების ქვეშ შეიძლება გამოიწვიოს სტრუქტურის განადგურება. APA წერს, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა 1990-იან წლებში აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავის შემთხვევაში. მეორე ვერსიაა ტვირთის არასწორად დამაგრება, რასაც ტურბულენტობის ან მკვეთრი მანევრის დროს ტვირთის გადაადგილება და სერიოზული შიდა დაზიანება შეიძლება გამოწვია.

აზერბაიჯანის ქალაქ განჯიდან აფრენილი სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა. „საქაერონავიგაციის“ თანახმად, C-130 მათი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც „საქაერონავიგაციამ“ დადგენილი ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

C-130 „ჰერკულესი“ ამერიკული საშუალო და შორი მანძილის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავია. თურქეთს, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, C-130-ის ფლოტი 1960-იანი წლებიდან ჰყავს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.