შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას დღესაც პარლამენტთან იმყოფება, განაცხადა, რომ აქციებზე სცემს „არაკაცებს“, რომელთა სიაც აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
„მე ახალგაზრდებს არ ვცემ. მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს. ახლა გაჩვენებ ცოტა ხანში... რა უნდა დამასანქცირონ, გოგო. გაწიე კამერა“, - თქვა ხარაზიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“.
ზვიად ხარაზიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „უარესი ელოდება“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის წევრებს მოუწოდა, მიმართონ აღმასრულებენ ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს.
„მე ვცემ არაკაცებს - ეს სიტყვები ეკუთვნის დღეს, აქ, გარეთ მდგომ ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც თქვენი სპეცრაზმის სამსახურის უფროსია. იქნებ, მოუწოდოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეუჩერონ ამ ადამიანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ არ შეუჩერებთ. იმიტომ, რომ სწორედ მისი დაცვის ქვეშ გადიხართ თქვენ ყველა ამ შენობიდან ყოველი სხდომის დასრულების შემდეგ“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
სპეცრაზმმა და პოლიციამ თბილისში, არაერთხელ დაარბიეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია, მშვიდობიან მომიტინგეებს კი სასტიკად გაუსწორდნენ. ცემეს მომიტინგე დეპუტატებიც - პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. ჯერ უკანონოდ დააკავეს და შემდეგ სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს სამოქალაქო აქტივისტ დავით ქაცარავას. როგორც ხაბეიშვილი ამბობდა, მის მიმართ მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიება სწორედ ზვიად ხარაზიშვილმა განახორციელა. ძალადობის ამ ფაქტებთან დაკავშირებით დღემდე არავინაა დაკავებული, უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ ხარაზიშვილისთვის.
პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ 1-ელ მაისს განაცხადა, რომ აქციების დარბევაში უკანონოდ მონაწილეობდნენ კერძო დაცვის სამსახურის „სარანგის“ თანამშრომლები. აღნიშნულ კომპანიაში 50%-იან წილს ზვიად ხარაზიშვილი ფლობს და შემოსავლის სახით წელიწადში 30 ათას ლარზე მეტს იღებს. „სარანგის“ წილების დარჩენილი 50% ზვიად ჭოხონელიძის საკუთრებაშია. ის ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მისი პირადი დაცვის წევრი იყო.
აპრილის ბოლოს, ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატების დროს, ზვიად ხარაზიშვილის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის დასანქცირების მოთხოვნაც გაჟღერდა. ევროპარლამენტარები მათაც აკისრებდნენ პასუხისმგებლობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიებისთვის.
