„მდინარაძის ტყვე ვარ“ - ელისო კილაძის საქმის განხილვა ისევ დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმეზე სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში გაიმართა. ჟურნალისტი მისთვის წარდგენილ ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მიმდინარე პროცესს მამუკა მდინარაძის შურისძიებად, თავს კი „პირად ტყვედ“ მიიჩნევს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სხდომის დახურვამდე, ვიდრე მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ელისო კილაძემ განაცხადა, რომ პროცესის გასაიდუმლოება საქმის „ჩამოშლის“ შიშითაა განპირობებული:

„მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს მე არ ვაღიარებ. ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, რადგან მე გამოვაქვეყნე მისი კრიპტოსაფულე. დიდი ალბათობით, ამავე ხელისუფლების პირობებში იქნება მისი საქმე გამოძიებული. „ციხეში დავალპობო“, - ასეთი სიტყვა აქვს ნათქვამი. ვნახოთ, ვინ სად განაწილდება რუსთავის სამთავრობო კვარტალში.

მდინარაძის „ოცნება“ დროებით ახდა: „ქრონიკა პლუსი“ დახურულია, ჩემი პოსტები წაშლილია, მას ნერვებს უშლიდა ჩემი მილიონიანი ლაივები. ეს შეთქმულების თეორია არ არის, მე მისი პირადი ტყვე ვარ.

რისი გეშინიათ? იმის, რომ ეს საქმე ჩამოიშლება. ამიტომ ხურავთ პროცესს, რომ ჩუმად გამასამართლოთ. რამდენი ხნით შეზღუდავთ? კიდევ 6 თვე? 9 თვე რომ გავა, მერე ხომ ვეღარ გამაჩუმებთ?“

ელისო კილაძის ეპიზოდი ე.წ. „ქოლცენტრების“ მასშტაბური საქმიდან ცალკე გამოიყო. პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განმარტა, რომ ამ ნაწილში გამოძიება უკვე დასრულებულია. პროცესის დახურვის შუამდგომლობის დასასაბუთებლად კი პროკურატურამ მოწმეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის შესაძლო საფრთხე დაასახელა.

ელისო კილაძემ ბრალდების მხარის არგუმენტს „ყურით მოტანილი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მოწმეების ვინაობა უკვე თვეებია ცნობილია:

„მათზე არ ყოფილა არანაირი ზემოქმედება, მით უმეტეს, ჩემი ოჯახის მხრიდან.

3 თვეა, აკრძალული მაქვს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია. დადგენილებაში წერენ: „მისი ცნობადობის გათვალისწინებით, საზოგადოებას დაარწმუნებს თავის უდანაშაულობაშიო“. ეს არის დახურვის რეალური მიზეზი.

6 წერილი გავუგზავნე გენერალურ პროკურორს, რათა გამეგო, ვინ გამოიძია ჩემი საქმე, მათ შორის სუს-დან, თუმცა პასუხი არ მიმიღია. თითქოს მე ვიყავი ორგანიზებული ჯგუფის მონაწილე, თქვენ კი აფარებთ ხელს ამ ჯგუფს.

ხომ თვლით, რომ დამნაშავე ვარ? გამასამართლეთ საჯაროდ!

მესმის სისტემა, მაგრამ ეს სისტემა ყანყალებს და კოორდინატორ მდინარაძეს ის უფლებამოსილებები აღარ აქვს, რაც ჰქონდა სუს-ში. უკან დახევას არ ვაპირებ. მე ვლაპარაკობ ფაქტებზე, არ მქონია ქოლცენტრებთან შეხება. ფული, რასაც მაბრალებენ, მედიის დაფინანსება იყო. უნდათ, რომ რეპუტაციულად დაასამარონ ჟურნალისტი ელისო კილაძე“.

ელისო კილაძე თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე 18 თებერვალს დააკავეს. იმავე საქმეზე ბრალდებულთა შორის არიან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი. ბრალდებულთა ნაწილი ამჟამად მიმალვაშია. მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულებრივი ჯგუფი ათეულობით ქოლცენტრს ფლობდა. ბრალის დადგენილებაში ელისო კილაძესთან დაკავშირებით აღნიშნულია:

„ქოლცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები, კილაძის მიერ იგეგმებოდა მათი ადგილმდებარეობისა და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, გავრცელების მუქარა და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა“.

ელისო კილაძის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი, სხდომის დახურვას უკანონოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი საგამოძიებო ორგანოს უსუსურობაზე მეტყველებს:

„სხდომა არ უნდა დახურულიყო. შეზღუდვებმა, რაც ციხეში დაუწესეს ქალბატონ ელისოს, უფრო გააძლიერა ეჭვები იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო ორგანოს ეშინია. მას არ გააჩნია მტკიცებულებები, ეს გამომჟღავნდება და საქმე ჩამოიშლება. სწორედ ამ შიშმა გადაადგმევინათ ეს ნაბიჯი. საპროცესო კოდექსი მოვიშველიე, სადაც არცერთ პირობას, რომელსაც პროკურორი აყენებდა, სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. კანონის ნორმებს დღეს, როგორც ჩანს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.