მარტის ინფლაცია: თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, ხოლო პურპროდუქტები 9.6%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4.3% შეადგინა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ანგარიშის მიხედვით, წლიურ ჭრილში ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა მოახდინა, სადაც ფასები 7.5%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი თებერვლის მონაცემთან (9.5%) შედარებით შემცირებულია, რამაც საერთო ინფლაციის დონეზე 0.3%-იანი კლების მიმართულებით იმოქმედა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 7.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57%-ით აისახა. მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • თევზეული 21.2%
  • ხილი და ყურძენი 13.4%
  • პური და პურპროდუქტები 9.6%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.6%
  • ზეთი და ცხიმი 7.7%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 5.3%
  • ბოსტნეული და ბაღჩეული 4.9%
  • რძე, ყველი და კვერცხი 4.5%
  • ყავა, ჩაი და კაკაო 3.8%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 2.1%

ამასთან, ბოლო ერთ წელში ალკოჰოლურ სასმელები 4.6%-ით, თამბაქოს ნაწარმი 8%-ით, სატრანსპორტო მომსახურება 7.3%-ით, ხოლო დაზღვევა 8.5%-ით გაძვირდა.

ზოგიერთ კატეგორიაში წლიურ ჭრილში ფასების მცირედით შემცირებაც დაფიქსირდა. მაგალითად, ავეჯის, საოჯახო ნივთების ჯგუფში კლება 0.18%-ია, კავშირგაბმულობის ჯგუფში კი - 0.13%.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2026 წლის მარტის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავებამ ინფლაციის პროგნოზში გარკვეული კორექტივები შეიტანა. ადრინდელი პროგნოზით, 2026 წლის მეორე კვარტალიდან ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა დაახლოებოდა. სებ-ის ბოლო შეფასებით, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 3.7% იქნება.

შედარებისთვის, 2025 წლის მარტში წლიური ინფლაცია 3.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის მარტში - მხოლოდ 0.5% იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.