მარიამ ლაშხის თქმით, მზია ამაღლობელი „ინსტიტუციის მიმართ დამოკიდებულების“ გამო ისჯება

„ეს იყო ინსტიტუციის მიმართ დამოკიდებულება, რის გამოც ხდება პასუხისგება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის, სოფიო ხორგუანის შეკითხვის პასუხად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეს, 10 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით,  ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ღონისძიებს განახორციელებენ.

„რადგან აჭარაზე ვსაუბრობთ, ერთი შუახეველი ქალია, მებრძოლი ქალი, რომელიც ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს იბრძოდა. ეს ქალი იბრძოდა შევარდნაძის რეჟიმის დროს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს უფლებებისთვის იბრძოდა. რომ არა ეს ქალი, ბევრი ვერ გაიგებდა როინ შავაძის მკვლელობის შესახებ. შემდეგ ეს ქალი ამხელდა და „ქართული ოცნების“ დროს არსებული კორუფციული სქემების შესახებ საუბრობდა, რაც დადასტურდა. კორუფციის არსებობა რეალურად დადასტურდა.

და ახლა ეს ქალი ციხეშია, რადგან მან საკუთარი ღირსების დაცვა სცადა, როდესაც მას პოლიციელმა შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც პოლიციელის მუნდირის დაცვასა და პატივისცემაზე ვსაუბრობთ, პოლიციელის მუნდირს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას თავად უღირსი და მხდალი პოლიციელი აყენებს.

მზია ამაღლობელზე ვსაუბრობ. საკითხი თანასწორობას და ქალს ეხება. ეს კანონი რომ არ არსებობდა, შეიძლება იმის ბრალია, რომ ქალბატონ მზიაზე თანასწორობის პრინციპი არ გავრცელდა. ქალბატონმა მარიამმა შეძლო თავის დაცვა, როდესაც ახალგაზრდა ქალი 12-დღიან პატიმრობაში გაუშვეს. თანასწორობაზეა საუბარი, ქალის უფლებაზე, თავის ღირსებას პატივი მიაგოს და დაიცვას ისე, როგორც შეუძლია.

ჩვენ, სახელმწიფო მოხელეებს ბევრად მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს, ქალბატონი მზიასგან განსხვავებით“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

მარიამ ლაშხის განცხადებით, მისი და მზია ამაღლობელის საქმეების ერთმანეთთან შედარება უადგილოა.

„ერთი არის კრიმინალური დანაშაული, რაც ქალბატონი მზიას შემთხვევაში მოხდა და, პირველ რიგში, ეს არ იყო უშუალოდ სილის გაწვნა არის, თუ ტკივილი, თუ გაწითლება - ეს იყო ინსტიტუციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რის გამოც ხდება პასუხისგება.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემს გამოცდილებას და თმენას, არ ვიცი, რამდენად ადევნებდით მაგ პერიოდში პოლიტიკურ პროცესებს, არც ერთხელ და არც ათასჯერ არ გასჭირვებიათ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს თმენის ვალდებულება შეენარჩუნებინათ. თუმცა, როდესაც ეს ეხება ბავშვებს და აქ ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ მე საჩივარი გავაკეთე, ამით არა მხოლოდ ჩემი ბავშვები, სხვაც  დავიცავი და პასუხი გავეცი იმ ქმედებას, რომლის დაკანონებაც სურდათ მათ. შესაბამისად, ეს ჯაჭვი უნდა გაწყვეტილიყო“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, მაგრამ საქმე არა შეურაცხყოფისთვის, არამედ პოლიციელზე თავდასხმისთვის აღუძრეს. „ბრალის“ დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“.

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებასთან და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ივნისის ბოლოს სასამართლომ საჩივრის განხილვა დაიწყო, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა კითხვები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.