საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. მისი თქმით, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„დღეს აუცილებელია ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა. აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზას მოსახლეობისთვის მასიური ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.
ასევე აუცილებელია ჰამასის დემილიტარიზაციის, ღაზას უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის უზრუნველყოფა.
დაბოლოს, აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა, დემილიტარიზაციისა და ისრაელის სრული აღიარების პირობით, რათა მას საშუალება მიეცეს წვლილი შეიტანოს მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოებაში“, - განაცხადა მაკრონმა.
პალესტინელი ოფიციალური პირები მაკრონის გადაწყვეტილებას მიესალმნენ, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „ტერორისთვის ჯილდო“ იქნება 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ.
„ამ პირობებში პალესტინის სახელმწიფო ისრაელის განადგურების და არა მასთან მშვიდობიანი თანაარსებობის პლაცდარმად იქცევა. პალესტინელები არ მიისწრაფიან ისრაელის გვერდით სახელმწიფოს შექმნისკენ, ისინი ცდილობენ სახელმწიფოს შექმნას ისრაელის ნაცვლად“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის „დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს“.
„ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სახეში გარტყმაა“, - დაწერა რუბიომ სოციალურ ქსელ X-ზე.
ამჟამად, პალესტინა სუვერენულ სახელმწიფოდ გაეროს 193 წევრი სახელმწიფოდან 145-ზე მეტს აქვს აღიარებული, მათ შორის არის საქართველოც. 2024 წელს პალესტინა აღიარეს ნორვეგიამ, ირლანდიამ, ესპანეთმა, სლოვენიამ, სომხეთმა, ბაჰამის კუნძულებმა, ბარბადოსმა, იამაიკამ, ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკამ, ხოლო 2025 წელს - მექსიკამ.
