საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც 3 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანას საშუალებას მისცემს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
„ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლე პარიზში. საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. იგი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მაკრონმა შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ელისეის სასახლემაც გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, ემანუელ მაკრონი მიესალმა ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. ამასთან, მან აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოხდა და ყურადღება მოახლოებულ არჩევნებზე გაამახვილა.
„მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა, გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით დააკვირდება იმ პირობებს, რომლებშიც ჩატარდება საარჩევნო კამპანია და 2024 წლის 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩვენები.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.
მაკრონათან შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც „ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა და პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეხვედრები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიეთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება და ამით ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს, ხოლო ის ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მას ხვდებიან, გამოხატავენ „უხეშ უპატივცემულობას“ საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ.
