საქართველო არ შეუერთდა ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების თაობაზე. ამ მექანიზმით სანქცირებას ექვემდებარებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მხილებულნი არიან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში მთელს მსოფლიოში, მათ შორის, რუსეთში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„მაგნიტსკის სიის“ მოქმედების გახანგრძლივების მხარდამჭერებს შორის არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებიც, მათ შორის, უკრაინა და მოლდოვა.
„კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ასევე, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნები - ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, უერთდებიან საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
„მაგნიტსკის აქტი“ პირველად 2012 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს. კანონი 2009 წელს რუსეთის ციხეში დაღუპული რუსი საგადასახადო კონსულტანტის, სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს და თავდაპირველად, მისი სამიზნე სწორედ მაგნიტსკის სიკვდილზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკები იყვნენ. ციხეში მოხვედრამდე სერგეი მაგნიტსკი ამტკიცებდა, რომ გამოავლინა მასობრივი თაღლითობა კორუმპირებული თანამდებობის პირების მონაწილეობით, რომლებმაც რუსეთის ხაზინიდან მილიარდობით რუბლი მოიპარეს. 2016 წლიდან მაგნიტსკის აქტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და კორუფციისთვის მთელი მსოფლიოდან. ევროკავშირმა „მაგნიტსკის აქტის“ ანალოგი 2020 წელს დაამტკიცა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რამდენიმე დღის წინ მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ევროკომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებულ ნაბიჯებს გადადგამს. 9 პირობას შორის მეორეა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაუმჯობესება ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკასთან.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ განმარტება, რატომ არ არის ქვეყანა „მაგნიტსკის სიის“ შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მხარდამჭერთა შორის.
