უწყვეტი პროტესტის 127-ე დღეს, ჭიათურელმა მაღაროელებმა საჯაროდ გაავრცელეს წერილი, რომლის ადრესატი “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურია. ისინი ირაკლი კობახიძეს სთავაზობენ, საკითხით “პირადად დაინტერესდეს” და პროტესტის მონაწილეებს შეხვდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
უკვე 16 დღეა, რაც შვიდი მაღაროელი შიმშილობს. მათგან ორი – მირზა ლოლაძე და ტარიელ მიქაცაძე მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ. სამ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი. გუშინ, 3 ივლისს, შეუძლოდ გახდა ტარიელ მიქაცაძე, ხოლო დღეს - მირზა ლოლაძე. ორივე უარს ამბობს ყველანაირი სამედიცინო დახმარების მიღებაზე.
მაღაროელების მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ირაკლი კობახიძისთვის აქამდე გაგზავნილი წერილებიდან პასუხი არცერთზე მიუღიათ:
“ადამიანები, რომლებიც თქვენ რადიკალებად წარმოგიდგინეს, სინამდვილეში საკუთარი მეგობრების დასახმარებლად საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ. ამას დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება.
პრემიერო, თქვენ ხშირად იწონებთ თავს ოჯახური ღირებულებებითა და პატრიოტიზმით, მაგრამ განა არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე მეგობრისთვის თავის გაწირვაა?
მაშინ, როდესაც მთელი საქართველო აგიმხედრდათ, ჩვენ არასდროს გვიწოდებია არალეგიტიმურები – ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. ვითხოვთ ღირსეულ შრომის პირობებს ღირსეულ ანაზღაურებას და დაფასებას.
კომისიის [ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროსთან არსებული სამმხრივი კომისია] მიერ წარმოდგენილმა მმართველმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. შთაბეჭდილება რჩება თითქოს, მიზანმიმართულად ცდილობენ, ხელისუფლება კიდევ უფრო შესძულდეს ხალხს – ამ ყველაფერში თანაბრად მონაწილეობს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ასევე კომპანია, პრემიერო.
თუ გსურთ, პრობლემის სათავეებში გაერკვეთ, მობრძანდით ან გაგვიღეთ თქვენი კაბინეტის კარი – ბევრ რამეს გიამბობთ. ყველაფერი არ არის ისე, როგორც ეს საზოგადოებაში წარმოჩენილია. თუ ადამიანებს შეუძლია, მეგობრების გამო თავი გასწიროს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანებს რადიკალური ვუწოდოთ? ამას დიდი ვაჟკაცობა და ღირსება სჭირდება.
ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და არ ვიმსახურებთ უსამართლობაში ყოფნას. დაინტერესდით პირადად ამ საკითხით. ჩემი ხელით არაერთი წერილი დამიწერია და გამომიგზავნია თქვენთვის – ნეტავ, რომელიმე მიაღწია თქვენამდე?
ჭიათურელებს მანგანუმი წყევლად გვექცა. ეს არის გულწრფელი წერილი, რომელსაც მთელი საქართველო იხილავს.
თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ იმ ხალხზე, ვინც აგირჩიათ და ვისი ინტერესებიც უნდა დაიცვათ”, - წერია წერილში.
მაღაროელები უწყვეტი აქციის ოთხი მონაწილის, მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, არჩილ ჭუმბურიძისა და თენგიზ გველესიანის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობენ. უცვლელი რჩება “ჯორჯიან მანგანეზიდან” უკანონოდ გათავისუფლებულების სამსახური აღდგენის მოთხოვნაც.
ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა – სარალიძესა და ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო ჭუმბურიძეს და გველესიანს – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 12 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა ოთხივე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმეზე შემდეგი სხდომა 17 ივლისს არის ჩანიშნული.
ჭიათურელი მაღაროელები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ მას შემდეგ, რაც თებერვალში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ 3500 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა. საპროტესტო აქცია, სამთო მრეწველობის ნაციონალიზაციისა და გადაუხდელი ხელფასების გადახდის მოთხოვნით, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გაიმართა. მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც აპრილის ბოლოს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით ოპერირებს, „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით“ რეორგანიზაცია დაანონსა.
