გორში მცხოვრები 20 წლის ლუკა თოფჩიშვილი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მას გორის რაიონული სამმართველოს შენობაში, ბორკილებდადებულს სცემეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
„ყველა მირტყამდა სამმართველოში, აბსოლუტურად ყველა, ვისაც არ დაეზარა... ემატებოდნენ და ემატებოდნენ... ჩემს სისხლში მედო პირდაპირ თავი და ხელები უკან ბორკილებით მქონდა შეკრული“, – უთხრა ტელეკომპანია „თრიალეთს“ ლუკა თოფჩიშვილმა.
ნაცემი ახალგაზრდა კლინიკა „გორმედში“ იყო გადაყვანილი. ოჯახის წევრების თქმით, მას სხვადასხვა დაზიანება ჰქონდა მიღებული, მათ შორის, ტვინის შერყევა.
5 იანვარს, შსს-ს წარმომადგენლებმა თოფჩიშვილი კლინიკიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალად სამართალდამცველის მიმართ ძალადობით განხორციელებული წინააღმდეგობა ედება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია უარყო და მას დეზიფორმაცია უწოდა.
„3 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული პირი, რომელიც აგრესიულად იქცეოდა და დააზიანა მოქალაქის ავტომობილი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დაკავების პროცესში, შემთხვევის ადგილზე, მისმა თანმხლებმა პირმა, 2005 წელს დაბადებულმა, ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლუკა თოფჩიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა და პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, სახეში დაარტყა მუშტი პოლიციელს, რის შემდეგაც დააპირა მიმალვა და სცადა მეორე პოლიციელის ცემა, რომელიც მას დაედევნა. თუმცა, სამართალდამცველებმა ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველის მიმართ ძალადობით განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია, რაც უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.
სამწუხაროდ, ბოლო დროს, კრიმინალთან უპრეცედენტო ბრძოლის პარალელურად, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან კიდევ უფრო გახშირდა შემთხვევები, როდესაც ხდება პოლიციელების მიმართ აბსოლუტური ტყუილის დაბრალება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აპირებს შეეგუოს პოლიციელთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და ყველა ასეთ ფაქტზე მოვახდენთ საზოგადოების დეტალურ ინფორმირებას და დეზინფორმატორთა მხილებას!“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
5 იანვარს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ ლუკა თოფჩიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
