„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის დელეგატები წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
თბილისის 8 საარჩევნო ოლქში წარდგენილი დელეგატები არიან:
- გლდანი - ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი 2021 წლიდან დღემდე;
- ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე, ნაძალადევის რაიონის ყოფილი გამგებელი, თბილისის საკრებულოს წევრი 2021 წლიდან დღემდე;
- ისანი - ნიკოლოზ ელისაშვილი, ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი;
- სამგორი - ვარლამ ლიპარტელიანი, ყოფილი ძიუდოისტი, 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი;
- დიდუბე-ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტში;
- ვაკე - ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მწვრთნელი;
- საბურთალო - აკაკი ალადაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი 2021 წლიდან დღემდე;
- მთაწმინდა-კრწანისი - დავით კაჭარავა, ყოფილი მორაგბე, 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრი;
„ქართულმა ოცნებამ“ დელეგატები 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგინა. მათგან არცერთი არ არის ქალი. რეგიონებში დასახელებული 22 დელეგატიდან 14 პარლამენტის მოქმედი წევრია.
მმართველი პარტიის განცხადებით, ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე იქნება. რაც შეეხება სრულ პროპორციულ სიას, ის სავარაუდოდ სექტემბერში გახდება ცნობილი.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსიში შეიტანა ცვლილება, რაც პარტიას აძლევს უფლებას, სიის შედგენისას მასში შეყვანილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი 30 ოლქიდან რომელიმე ოლქის დელეგატად განსაზღვროს.
