„ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ მორიგ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს, ნაგავში გადააგდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
„მე ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, „დავაშრეტერებ“ და ნაგავში გადავაგდებ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საერთო მიზნებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად გვეთანამშრომლა და მათ შორის, დოკუმენტები გამოყენებული ყოფილიყო ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ვნახეთ, რომ ეს ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ფურცლები იყო, მეტი არაფერი, რომელსაც საქართველოსთვის არანაირი ფასი არ აქვს“, - უთხრა ჟურნალისტებს მახაშვილმა.
„ნაგავში ყრით რეზოლუციებს?“ - ამ დამაზუსტებელი კითხვის პასუხად, ლევან მახაშვილმა თქვა: „რა გავუკეთე წინა რეზოლუციებს გითხარით და იმავეს გავუკეთებ - ნაგავში არა, მაკულატურაში ვაგდებთ და ვიყენებთ შემდეგ უკეთესი მიზნებისთვის, რომელსაც მეტი ღირებულება აქვს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. შვიდი რეზოლუცია იყო საქართველოს შესახებ და ეს იქნება მერვე“.
ხვალ, 25 თებერვალს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს განიხილავს.
პროექტის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეატრიალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ მტკიცებების აბსურდულობას, თითქოს ევროინტეგრაცია რჩება მთავარ პრიორიტეტად, მაშინ როცა მისი უმაღლესი თანამდებობის პირები და სამთავრობო მედიები აწარმოებენ ორკესტრირებულ და სისტემურ კამპანიას ევროკავშირის, მისი წარმომადგენლებისა და დიპლომატების წინააღმდეგ მანიპულაციური ნარატივების, დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებით.
რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს არანაირი ნაბიჯი ევროკავშირთან დიალოგისთვის სივრცის შესაქმნელად. პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მანამ, სანამ არ მოხდებ ამჟამინდელი რეპრესიული კურსის, შეზღუდვებისა და მძაფრი ანტიევროპული დეზინფორმაციის მკაფიო შეცვლა.
ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიზნობრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, წარმოადგენს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშზე მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეა.
