არჩევნებამდე 12 დღით ადრე, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმა განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ ხსნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 5 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 6 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
სოციალურ ქსელ Facebook-ში ჩირაგოვი წერს, რომ კონკრეტული ადამიანები მისი „რესურსის“ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ. გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, დარწმუნდა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი „გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს“ ბოლნისზე.
„საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ბოლნისის მოსახლეობამ, კარგად იცის, რომ პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“ ბოლნისში მერობის კანდიდატად დამასახელა. აღნიშნულ შემოთავაზებაზე თანხმობა მხოლოდ იმიტომ განვაცხადე, რომ ნამდვილად მაქვს სურვილი, ჩემი შესაძლებლობები მშობლიურ მხარეზე ზრუნვას მოვახმარო.
სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, ჩემი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ.
მეორე მხრივ, დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ბატონი ზამურ ჭითანავა, გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე.
სწორედ ამიტომ, აღარ ვაპირებ ბატონ ზამურთან ხმების გაყოფას და გადავწყვიტე, საკუთარი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოვხსნა.
დღესდღეობით ნამდვილად არ არის კინკლაობისა და უშინაარსო პოლიტიკური დაპირირსპირების დრო, ახლა ყველაზე მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რაზეც განვითარებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა გადის“, – წერს ასაფ ჩირაგოვი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ოპოზიციიის უდიდესი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, 4 ოქტომბერს გაიმართება. „ძლიერმა საქართველომ“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს და არჩევნებში მონაწილეობას შეთანხმებული კანდიდატებით იღებენ.
ბოლო მონაცემებით, ამ ორ პარტიას 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 35-ში ჰყავს მერობის კანდიდატი. ესენია: თბილისი, სიღნაღი, ლაგოდეხი, მარნეული, ყაზბეგი, გორი, ბორჯომი, ხარაგაული, სამტრედია, ხონი, ჩოხატაური, ხობი, ზუგდიდი, ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხელვაჩაური, თელავი, ახმეტა, რუსთავი, მცხეთა, დუშეთი, კასპი, თერჯოლა, ზესტაფონი, ჭიათურა, წყალტუბო, ქუთაისი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ბათუმი და ხულო.
