უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი, დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. სამაშველო სამუშაოები დღეს დასრულდა. 1-ელი აგვისტო ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
კრივოი როგის მერის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის 7 ბავშვია. საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში 19 ადამიანია გადაყვანილი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, 31 ივლისის დილას რუსეთმა კრივოი როგს ისკანდერის ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტია. ერთი რაკეტა უნივერსიტეტის ლაბორატორიის 4 სართულიან შენობას მოხვდა, მეორე კი 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც ნაწილობრივ დაინგრა. საგანმანათლებლო დაწესებულებაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ქალი, რომელიც ლაბორატორიაში მუშაობდა. იგი ნანგრევების ქვეშ იპოვეს.
„მწუხარებაში უკრაინელები კიდევ უფრო ერთიანდებიან. როგორ შეიძლება გულგრილი იყოთ, როცა ხედავთ, როგორ გვართმევენ რუსული რაკეტები უდანაშაულო სიცოცხლეს?“, - დაწერა დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა, სერხიი ლისაკმა „ტვიტერზე“.
ტრაგედიას ვიდეო გამოსვლაში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. „მიუხედავად ნებისმიერი რუსული ტერორისა, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, დააშანტაჟოს მსოფლიო, ჩვენი ერთობლივი ძალა - მათი, ვინც სიცოცხლეს აფასებს, - საკმარისია ბოროტების დასაძლევად“, - განაცხადა მან.
კრივოი როგი დნეპროპეტროვსკის ოლქში მეორე ყველაზე ფართოდ დასახლებული ქალაქია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ის არაერთხელ გამხდარა რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების სამიზნე. ამასთანავე, კრივოი როგი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქია.
