კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ 2 500 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტების მიერ ეთერში გამოყენებული კრიტიკული ფრაზები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
საუბარია ისეთ ფორმულირებებზე, როგორიცაა: „ოცნების სუსი“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა/სასამართლო“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“ და „ივანიშვილის ხელისუფლება“.
კომისიის მოხსენებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ტერმინები, მათი კონტექსტისა და გავრცელების ინტენსივობის გათვალისწინებით, ახალი ამბების გაშუქებას წარმოადგენს მაუწყებლის პირადი მოსაზრების საფუძველზე.
ფინანსური სანქციის დაკისრების კიდევ ერთ მიზეზად კომისიამ ბალანსის დარღვევა დაასახელა. საქმე ეხება 22 აპრილის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების პრობლემებს ეხებოდა. წამყვანმა აღნიშნა, რომ მშობლები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ტყუილში ამხელდნენ, თუმცა, მარეგულირებლის განცხადებით, მასალაში არ ყოფილა წარმოდგენილი უწყების ალტერნატიული პოზიცია, რის გამოც „მაყურებელს არ მიეწოდა საგულისხმო მოსაზრებები“.
აღსანიშნავია, რომ აპრილის დასაწყისში, მსგავსი ტერმინების („არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის დეპუტატი“) გამოყენებისთვის კომისიამ „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ უკვე გააფრთხილა.
მედიის დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მარეგულირებლის ამ პრაქტიკას საგანგაშოდ მიიჩნევენ და მას ცენზურის დაწესებად აფასებენ. მესამე სექტორში აღნიშნავენ, რომ მსგავსი სოლიდური ფინანსური სანქციები მწირი რესურსების მქონე დამოუკიდებელი მედიებისთვის მძიმე ტვირთი იქნება.
ეს გადაწყვეტილება ფართო სამართლებრივი კონტექსტის ნაწილია: გასულ წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული სადავო ცვლილებებით, ეთიკური დილემების განხილვა ტელევიზიების თვითრეგულირების მექანიზმიდან უშუალოდ კომუნიკაციების კომისიის ხელში გადავიდა. გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი არაერთი სხვა კანონიც მიიღო - მათ შორის, მაუწყებლებს აეკრძალათ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება, ხოლო კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისთვის 3 წლამდე პატიმრობა დაწესდა.
კომუნიკაციების კომისიას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა ხელმძღვანელობს. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ რიგებიდან, მანამდე კი, 2013-2016 წლებში, ეკავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიცია. საპარლამენტო საქმიანობის შემდეგ, 2020-2025 წლებში, იგი გახლდათ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი, ხოლო 2025 წლიდან ამავე სახელმწიფო უწყების შიდა აუდიტის დირექტორის პოსტს იკავებდა. პარალელურად, 2023-2025 წლებში, გულორდავა მუშაობდა პროსამთავრობო მედიაჰოლდინგში, „შპს ტელეიმედის“ ფინანსურ მონიტორინგსა და შიდა აუდიტში.
