კობახიძის თქმით, „ხუდონჰესის“ პროექტი „მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება“

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხუდონჰესი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და ის მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, დღეისთვის ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებს პროექტს, რათა ინვესტორებისთვის წინადადებები მოამზადოს.

„დღეს არ არის გამოკვეთილი არცერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული ამ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო, უშუალოდ, ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისთვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორისთვის. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.

ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება და ეს არის ეკონომიკის სამინისტრის ერთ-ერთი დავალება, რაზეც სამინისტროს მთელი გუნდი - პირველ რიგში, ენერგეტიკის სფეროში მომუშავე გუნდი აქტიურად მუშაობს.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს ფინანსურ თანამონაწილეობას ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

702 მგვტ სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ინდურ კომპანია Trans Electrica Ltd-ს მოსახლეობამ ამის უფლება არ მისცა.

პროექტი 200 მეტრამდე სიმაღლის კაშხლისა და 528 ჰექტარზე წყალსაცავის მშენებლობას ითვალისწინებს. „ხუდონჰესის“ აშენების შემთხვევაში, უშუალოდ დატბორვის ზონაში და ირიბი ზემოქმედების ქვეშ მოხვდება ხაიშისა და ჭუბერის თემის სოფლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საძოვრები, ტყის მასივები, ორი ეკლესია, საფლავები, მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები, მათ შორის, შუასაუკუნოვანი ხაიშის ციხე და ხაიშში აღმოჩენილი, ჯერ კიდევ შეუსწავლელი, პირველი საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი, ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზა. გადასახლება მოუწევს დაახლოებით 2000 ადამიანს.

პროექტის მიხედვით, „ხუდონჰესის“ საშუალო წლიური გამომუშავებაა 1.5 მლრდ. კვტ/სთ. აშენების შემთხვევაში, ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება 1300 მეგავატიანი ენგურჰესის შემდეგ.

2013 წლის 8 მაისს, ხაიშის თემში მცხოვრებმა 200-მდე ოჯახმა წმინდა გიორგის ეკლესიაში ხატზე დაიფიცა, რომ არ დაუშვებენ ხაიშისა და მიმდებარე სოფლების, სასაფლაოების, ეკლესიების დატბორვას და წყლის ქვეშ მოქცევას.

„ხუდონჰესის“ საკითხი პერიოდულად ხდება აქტუალური. 2022 წლის ბოლოს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი ინვესტორი კომპანიისგან 13.5 მილიონ დოლარად გამოისყიდეს და მისი განხორციელება 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით დაიწყებოდა.

2023 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა „ხუდონჰესის“ პროექტის შეცვლა ისე, რომ „აღარ დაიტბორება არც სოფელი, არც ტაძარი“ და გარემოზე „ძალიან მინიმალური ეფექტი [ზეგავლენა] ექნება“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.