ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მზად არის, იმუშაოს „სტამბოლის კონვენციასთან“ ან მის საფუძველზე მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუკი მასში „კითხვის ნიშნები“ არსებობს. ეს განცხადება მან პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ზურა მახარაძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის არის სანქცირებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 4 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 5 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
- 6 პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულებს ჯგუფური ცემის კიდევ 4 ეპიზოდს ედავება
მახარაძემ ხელისუფლება „რადიკალურ ფემინიზმსა“ და ოჯახურ საქმეებში პოლიციის ჩარევაში დაადანაშაულა და მოითხოვა პასუხი, რატომ რჩება საქართველო იმ კონვენციის წევრად, რომელიც მისი მტკიცებით, „ტრადიციულ როლებს“ ებრძვის.
ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში ხელისუფლება დიდ ზეწოლას განიცდიდა „მანკიერი იდეოლოგიის“ დასანერგად, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა.
„დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს. არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. იყო წლები, როდესაც ამას უბრალოდ ვერ გარისკავდა ხელისუფლება.
შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება. როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება. თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ.
საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ და კონკრეტული კანონები გავაუქმეთ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მუშაობა გაგრძელდება იმ მიმართულებითაც, რომ იდეოლოგიამ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ქორწინებისა და შობადობის სტატისტიკაზე.
სტამბოლის კონვენცია (ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ) არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა დაცვას ძალადობისგან. კონვენცია ხელმოსაწერად 2011 წელს გაიხსნა და ძალაში 2014 წლის აგვისტოში შევიდა. საქართველომ მისი რატიფიცირება 2017 წელს მოახდინა.
კონვენცია წევრ ქვეყნებს ავალდებულებს: ძალადობის გამომწვევი სტერეოტიპების შეცვლას; მსხვერპლებისთვის თავშესაფრებისა და ცხელი ხაზების შექმნას; მოძალადეების წინააღმდეგ ეფექტური გამოძიებისა და სასჯელის უზრუნველყოფას; სახელმწიფო უწყებების შეთანხმებულ მუშაობას მსხვერპლთა დასახმარებლად.
კონვენციაზე მიერთების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვნად გაამკაცრა კანონმდებლობა: სისხლის სამართლის დანაშაული გახდა ოჯახში ძალადობა, ადევნება, ქალთა წინადაცვეთა და იძულებითი ქორწინება. გაჩნდა შემაკავებელი და დამცავი ორდერების მექანიზმები, გაიხსნა სახელმწიფო თავშესაფრები მსხვერპლთათვის.
იურისტების შეფასებით, კონვენციიდან გასვლა შეასუსტებს მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებს. ძალადობის პრევენცია და მოძალადეების დასჯა აღარ იქნება საერთაშორისო სტანდარტის ვალდებულება, რაც გაზრდის დაუსჯელობის განცდას; კონვენციიდან გასვლა აღქმული იქნება, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს კიდევ უფრო დააზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან ქალთა უფლებების დაცვა ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა; ეს იქნება მწვანე შუქი ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რომ სახელმწიფო ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან ბრძოლას პრიორიტეტად აღარ მიიჩნევს.
