კობახიძე - შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა

„შუა აზია, ზოგადად, საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქმენეთის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძის თქმით, საქართველო აქტიურად ადევნებს თვალს თურქმენეთში მიმდინარე ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. მისი შეფასებით, წარსულში განხორციელებულმა ინიციატივებმა და პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რაც, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის შეფასებით, კიდევ უფრო გააძლიერებს არსებულ კავშირებს.

თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი უწოდა და პოლიტიკური დიალოგის გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „შევთანხმდით, გავაფართოოთ პოლიტიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა და დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი პარტნიორობა გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს“.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პორტფელი იყო, რომელიც სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ძალიან იმედისმომცემად შეაფასა.

„სამხრეთი კავკასია ეს არის ერთ-ერთი ნაწილი კასპიის და კავკასიის ქვეყნებს შორის გამავალი მარშრუტის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკის პორტფელი ძალიან იმედისმომცემ პროექტებს მოიცავს, როგორიც არის, მაგალითად, ლაპის ლაზული, იგივე ლაზურიტის დერეფანი, რომელშიც ასევე შედის ავღანეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და კასპიისა და შავი ზღვის დერეფანი, რაც მოიცავს თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და ასევე რუმინეთსაც.

უკვე მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკებები, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, კასპიისა და შავი ზღვის პორტებზეა სუბარი, ორმხრივი სარგებლის მისაღებად.

ჩვენ გვინდა, რომ პარტნიორობა დამყარდეს ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო, ინდუსტრიის, წარმოების, ტექსტილის, სამშენებლო და კიდევ ბევრ სხვა სფეროში“, - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

მან თურქმენეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2022 წელს დაიკავა და ამ პოსტზე მამამისი, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი შეცვალა, რომელიც ქვეყანას 15 წლის განმავლობაში მართავდა.

ეკონომიკური საკითხების გარდა, მხარეები შეთანხმდნენ ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებაზე, რაც უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობასა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთგაცნობას გულისხმობს.

ბოლო პერიოდში, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლისა და დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შუა აზიის ქვეყნებთან აქტიურ ურთიერთობებს ამყარებს. 2026 წლის ივნისში ირაკლი კობახიძე ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და ყაზახეთს ესტუმრა, გასულ წლის განმავლობაში კი სამჯერ ჩავიდა თურქმენეთში.  ამასთან, ივლისის დასაწყისში თბილისში უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევიც იმყოფებოდა, რა დროსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.