ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეების დაკავება დააანონსა

„ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს. ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს. რა თქმა უნდა, აღიკვეთება ნებისმიერი ძალადობის მცდელობა და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბილისში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ ის, რაც ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან მოხდა, სისხლის სამართლის დანაშაულია.

„თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა პასუხისგებაში. ეს იყო ძალიან ცხადი და ღია დანაშაული. ყველა მიმართულებით გვაქვს მკაცრი გაფრთხილება - ერთი, რომ ქუჩაში მიიღებენ პასუხს ნებისმიერ ძალადობაზე და ამის შემდეგაც, რა თქმა უნდა, კანონი იქნება მკაცრი მათ მიმართ. ვივარაუდე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადის დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ, რომ რეალურად, აქეთკენ წაიყვანეს პროცესები. დანარჩენი, დაელოდონ პასუხს. პასუხი იქნება მკაცრი.

რაც შეეხება სიურპრიზს, მათი სიურპრიზი შეიძლება ეს იყო, რომ შეუტიეს პრეზიდენტის სასახლეს ათონელზე. ელოდნენ, რომ იქ არ იქნებოდა სპეცრაზმი, თუმცა მიიღეს სიურპრიზზე ცოტა უფრო დიდი სიურპრიზი და უცბად გამოვიდა სპეცრაზმი იმ შენობიდანაც. ყველა ასეთ პატარა სიურპრიზზე მიიღებენ უფრო დიდ სიურპრიზს და მთავარი სიურპრიზი იქნება ის, რომ მთლიანად განეიტრალდება ეს პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა და მათ აღარ მიეცემათ ქართულ პოლიტიკაში აქტიურობის საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლესთან თავისუფლების მოედნიდან, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ მივიდნენ.

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, შსს-ს 14 თანამშრომელია დაშავებული. დარახველიძის თქმით, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ორბელიანის მოედნის მიმდებარედ რჩება, სადაც სპეცრაზმიც არის მობილიზებული და პერიოდულად, მათ წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებს.

შსს-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით აქვს დაწყებული. ესენია: პოლიციელზე თავდასხმა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირების მცდელობა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.