კობახიძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრება

„ყველას მინდა დავპირდეთ, თუ წინა შემთხვევაში ჩვენ შევძელით მოძალადეების დაახლოებით 3%-ის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი“, – „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხვალ, 4 ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესქტო აქციის მონაწილეები გააფრთხილა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ან/და მის გაცხადებულ მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ.

გარდა ამისა, მიტინგსა და მის მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს მთელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება.

თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს“, - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ „მოძალადეებს“ შეეფარდათ:

„თუ ამ უკანასკნელთ შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს“.

ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, „ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ, მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა“.

„როდესაც საუბარია დამხობაზე, ეს შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას. დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვიტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ გაცხადებული მიზანი აქვს მიტინგს, რომ მათ უნდა სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, რაც თავის თავში გულისხმობს ძალადობას.

[...] კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან: ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა 4 ოქტომბრის აქციას „მორიგი რევოლუციის მცდელობა“ და „ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჯგუფის პროტესტი“ უწოდა.

„გვინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით.

უსინდისო მოძალადეების ადგილი არის ციხეში. ეს ნახა ყველამ, გასული წლის მოვლენების შემდეგ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ყველას, დაიკავონ ფრთხილი პოზიცია და ნუ გაერევიან ისეთ პროცესებში, რომელიც გულისხმობს ძალადობას, და შესაბამისად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას.

[...] ეს არ არის საზოგადოების პროტესტი. ხვალაც ნახავთ, რომ 100 000-ობით ჩვენი თანამოქალაქე გამოვა და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“. ეს არ არის საზოგადოების ნება, საზოგადოების ნება აისახება არჩევნებში და არა იმ 50 კაცის მიტინგში, რომელიც გამოდის და კეტავს რუსთაველის გამზირს. რაც შეეხება მშვიდობიან რევოლუციას, ეს არის ოქსიმორონი, ანუ ნონსენსი, თავისი არსით. რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალადობის გზით. ამიტომ თუ აანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონ და დაელოდონ შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან,“ - განაცხადა კობახიძემ.

4 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს პროდასავლური ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის ბოიკოტის ფონზე ატარებს. პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქციის გამართვაა დაგეგმილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.